LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი: მეწარმეობის წახალისება მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია

98

მეწარმეობის წახალისება და ბიზნესისა, თუ ინოვაციების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა, რომლის განხორციელების ერთგული მე თავადაც გახლავართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ტექნოპარკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც აშშ-ის ელჩ იან კელისთან ერთად, გლობალური სამეწარმეო კვირეულის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში ეს საერთაშორისო ინიციატივა თავს მოუყრის 10 მილიონზე მეტ მონაწილეს მსოფლიოს ყველა წერტილიდან – მეწარმეებს, ინვესტორებს, პოლიტიკოსებს, მკვლევარებსა და განათლების სფეროს სპეციალისტებს, რომლებიც მეწარმეობისა და ინოვაციის ხელშეწყობის გზებს განიხილავენ.

გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის საელჩოს და ელჩ კელის მადლობა გადაუხადა მენტორობის ძალიან საინტერესო პროგრამის ინიცირებისა და დაფინანსებისთვის, რომელიც ახალგაზრდებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენელ გამოცდილ მენტორებს ერთმანეთთან ერთი წლით, შთამბეჭდავი ღონისძიებებით აკავშირებს, რაც ახალგაზრდების ინოვაციური იდეების ბიზნესად ქცევას უზრუნველყოფს.

„ჩვენ მიზნად ვისახავთ ეკონომიკურ განვითარებასა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნას, შესაბამისად, აქტიურად ვახორციელებთ რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმას. ეს გეგმა მოიცავს ისეთი „სტარტაპების“ წახალისებას, რომლებიც აქცენტირებულია ამ რეგიონში ახალგაზრდების დახმარებაზე. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, „აწარმოე საქართველოში“ და „სტარტაპ საქართველო“, გასული წლების განმავლობაში წარმატებით ნერგავენ საქართველოს მთავრობის ინოვაციებისა და მეწარმეობის გეგმას. სხვადასხვა საგანმანათლებლო და დაფინანსების პროგრამისა და სქემის მეშვეობით, ისინი აქტიურად არიან ჩართულნი მცირე და საშუალო ბიზნესებისა და სტარტაპის მხარდამჭერ პროგრამებში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა განათლების სისტემის რეფორმის შესახებაც ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი STEM-სფეროებზე – მეცნიერებაზე, ტექნოლოგიაზე, ინჟინერიაზე, მათემატიკასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე გაკეთდება. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სან-დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შექმნილ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, რომლებიც ქართველ სტუდენტებს აღნიშნულ სფეროებში მაღალი დონის განათლებისა და ამერიკული აკადემიური ხარისხების მიღების საშუალებას აძლევს.

რემიერ-მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, ასევე ისაუბრა სამეწარმეო კვირეულის თემატიკაზე და აღნიშნა, რომ STEM სფეროებისა და ციფრული ეკონომიკის მიმართულებით ქალთა განათლების ხელშეწყობა ნებისმიერი სახელმწიფოს განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

„მინდა, წავახალისო ქალი სტუდენტები და მომავალი მეწარმეები, რომლებიც დღეს ამ ოთახში იმყოფებიან და ვუთხრა მათ, რომ შეინარჩუნონ საკუთარი თავის რწმენა და განაგრძონ საკუთარი ამბიციების განხორციელება. მოხარული ვარ, რომ ეს მენტორთა პროგრამა ძირითადად მომავალ ქალ მეწარმეებზე კონცენტრირდება“, – აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, გლობალური სამეწარმეო კვირეული – ყოველწლიური ერთკვირიანი ღონისძიებებისა და ვორქშოფების სერია, რომელიც მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშეწყობას ემსახურება, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანასა და 370 უნივერსიტეტში ხორციელდება.

mazda magti 5g