საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით რიყეზე გამართულ ღონისძიებებს თბილისის მერთან ერთად დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილი ევროპის მოედანზე მოწყობილ ყვავილების ფესტივალს ეწვია, მერთან ერთად რიყის ტერიტორია მოიარა, პატარებთან რამდენიმე სამახსოვრო ფოტო გადაიღო და ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო.
„უამრავი სიახლე გვაქვს, აქ კოოპერატივებსაც ჰქონდათ საშუალება, რომ საკუთარი პროდუქცია ჩამოეტანათ, დღესასწაული უკვე კარგ ტრადიციად ჩამოყალიბდა, მოხარული ვარ და მინდა ყველას მივულოცო, ვუსურვო ხვავი და ბარაქა. შემოდგომა დოვლათის სიმბოლოა და სწორედ ასეთი დოვლათი, ბარაქა და მშვიდობა მინდა ვუსურვო ყველა ოჯახს, განსაკუთრებით თბილისელებს ვულოცავ და ყველას მოვუწოდებ გამოვიდნენ და ისიამოვნონ ამ მშვენიერი დღესასწაულით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
