“დიდი ხანია ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ველოდით და ამ დასკვნით შეიძლება ითქვას, რომ გიორგი მოკლულია”, – ამის შესახებ ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირინა ნიკოლაძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მირიან ნიკოლაძე აღნიშნავს, გიორგის დაზიანებები “TOYOTA CAMRY”-ის მარკის ავტომობილში მსხდომმა ადამიანებმა მიაყენეს და მდინარეში გადააგდეს.
“მესამე დღეს უკვე ვიცოდით, გიორგის გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ სანამ ექსპერტიზის პასუხი არ იყო ცნობილი, არ ვამბობდით. “ტოიოტას” მარკის ავტომობილში მსხდომებმა მიაყენეს გიორგის ფიზიკური შეურაცხყოფა და გადააგდეს მდინარეში. მათ 109-ე მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდება უნდა წარედგინოთ. მიყენებული დაზიანებები ვერ გამოიწვევდა სიკვდილს, ის, რომ წყალში არ აღმოჩენილიყო. შესაძლებელია დაახრჩვეს და წყალში გადააგდეს”, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.
მირიან ნიკოლაძე არ გამორიცხავს, რომ დაკავებულთა წრე გაიზარდოს.
“მე მაქვს ორი შედეგი: ექსპერტიზის დასკვნა და ის, რომ საქმე გადაკვალიფიცირდა. ახლა ჩემთვის მთავარია ყველა დამნაშავე დაისაჯოს. ამ ეტაპზე ვიკვლევთ გარდაცვლილი იყო ბავშვი თუ ცოცხალი აღმოჩნდა წყალში”, – განაცხადა ნიკოლაძემ.
გენერალური პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა წყალში დახრჩობით.
გიორგი შაქარიშვილის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა: პროკურატურის განცხადება
უწყების ცნობით, სიკვდილამდე მოკლე პერიოდში, გიორგი შაქარაშვილს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები მთელს სხეულზე მკვრივი-ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის დასკვნა ცნობილი გახდა, ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის ოჯახმა, პრესკონფერენცია გამართა.