LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სიორიძე: „სუს-ის გამოძიებებისა და პოპულისტური შოუების მიუხედავად, სახელმწიფო ფასების შემცირებას ვერ ახერხებს“

112
გიორგი სიორიძე

„პოლიტიკურად გაკოტრებულმა „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ სცადა საზოგადოების მოტყუება და მაღალი ფასების წინააღმდეგ პოპულისტური კამპანია დაიწყო, რომელიც თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო აგებული“, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი სიორიძემ დღეს, ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი სიორიძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ფასები შემცირდეს.

„გუშინ ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ პროპაგანდის მიზნით კომისიების შექმნის, სუს-ის გამოძიებების და პოპულისტური შოუების მიუხედავად, სახელმწიფო ფასების შემცირებას ვერ ახერხებს. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან დღეს ქვეყანას ივანიშვილის კორუმპირებული „ქართული ოცნება“ მართავს, რომელსაც არ შესწევს უნარი უპასუხოს მოქალაქეების წინაშე მდგარ გამოწვევებს, განსაკუთრებით კი მათ სოციალურ პრობლემებს. ეს უკვე დაადასტურა სტატისტიკის სამსახურმა, რომლის თანახმადაც, იანვარში ინფლაციამ 4.8% შეადგინა, ხოლო სურსათზე ფასები 10.6%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, მკვეთრად გაძვირდა სახელმწიფო სერვისები, საშუალოდ 150%-ით. მაგალითად, ჩვენს დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარ ქვეყანაში ქორწინების რეგისტრაცია 50%-ით არის გაძვირებული.

ეს მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება უფრო და უფრო მძიმდება, ასიათასობით ადამიანს არ ჰყოფნის შემოსავალი თვიდან თვემდე საარსებოდ და არჩევანის გაკეთება უწევს კომუნალური გადასახადის გადახდას, მედიკამენტის შესყიდვას და საკვების შეძენას შორის. წლიდან წლამდე გაზრდილი ფასები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 14 წლის წინ ხელისუფლებაში ფასების შემცირების დაპირებით მოვიდა, ყოველდღიურად აძვირებს ცხოვრებას და აღარიბებს მოსახლეობას, რათა ეფექტურად დაიმორჩილოს და შეუფერხებლად მართოს“ – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა:

„ზოგადად, რთული საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება თავისუფალ ბიზნესს, რომელიც თვითონ განსაზღვრავს ფასებს, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, რომ ერთად ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით“.

კობახიძის თქმითვე, ხელისუფლებამ და ბიზნესმა ერთად უნდა გამონახოს ფასების შემცირების გზები.

სურსათის ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის პერსონალური შემადგენლობა ცნობილია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g