„ქართულ ბაზარზე შესაბამისი ხარისხის „ტესლა“ არ იშოვება, მაგრამ ჩვენს გულშემატკივრებს გულს არ გავუცრუებთ და ახლა მივდივართ, რომ მათთვის ელექტრონული „პორშე“ შევიძინოთ,“ – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, პარტია ამომრჩეველს არჩევნებზე „ტესლას“ ნაცვლად, „პორშეს“ გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობს. ხვიჩიას თქმით, ამომრჩეველმა გათამაშებაში მონაწილეობისთვის საარჩევნო უბანთან „სელფი“ უნდა გადაიღოს და „ფეისბუქზე“ შესაბამისი „ჰეშთეგით“ #ვიყავიარჩევნებზე ატვირთოს.
„ჩვენ გვქონდა დაპირება წინა არჩევნებზე, რომ ბიუჯეტის ფულით არ ვისარგებლებდით და „ტესლას“ გავათამაშებდით, ამით დავუბრუნდით საზოგადოებას. ქართულ ბაზარზე შესაბამისი ხარისხის „ტესლა“ არ იშოვება, მაგრამ ჩვენს გულშემატკივრებს გულს არ გავუცრუებთ.
ახლა მივდივართ, რომ მათთვის ელექტრონული „პორშე“ შევიძინოთ და ის გავათამაშოთ ხალხისთვის, ვინც გვენდო და ჩვენს პროექტში მიიღო მონაწილეობა. დანარჩენებს ახლა მოგიწოდებთ, რომ ახლა ჩაერთოთ ამაში, ეს პროექტი ამ არჩევნებზეც გაგრძელდება,“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.