LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრძელდება თუ არა ნეიროგანვითარების თავისებურებები ზრდასრულობაში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

433
მარიამ-იანტბელიძე

ნეიროგანვითარების თავისებურებები: როცა პასუხებს ზრდასრულობაში ვპოულობთ – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მარიამ იანტბელიძემ ისაუბრა.

გრძელდება თუ არა ნეიროგანვითარების თავისებურებები ზრდასრულობაში?

დღეს სულ უფრო ხშირად გვესმის ტერმინები – აუტიზმი, ADHD (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის სინდრომი), დისლექსია, მაგრამ ნაკლებად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს მდგომარეობები მხოლოდ ბავშვობის თანმხლები არ არის.

თანამედროვე ფსიქოლოგიაში უკვე მკაფიო დასტურებია, რომ ბევრ ზრდასრულს მთელი ცხოვრება უცხოვრია დიაგნოზის გარეშე. საბედნიეროდ, დღევანდელობაში შეფასება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და ზუსტია.

ნეიროგანვითარების თავისებურებები ზრდასრულობაშიც გრძელდება. ბევრი ადამიანი მხოლოდ 25, 30 ან 40 წლის ასაკში იგებს, რატომ უჭირდა სწავლაში, კონცენტრაციაში ან სოციალურ ურთიერთობებში. 

რატომ ხდება ახლა ზრდასრულთა დიაგნოსტიკა აქტუალური?

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ცნობიერების გაზრდა მოცემული საკითხის კუთხით. ადამიანებს მიეწოდებათ მეტი ინფორმაცია, სოციალურ ქსელებშიც აქტიურად მიდის მოცემული საკითხის და გამოცდილებების გაზიარება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს იმ სტიგმის შემცირებას, რაც საზოგადოებაში აქტიურად არსებობდა. კიდევ ერთი მიზეზია შეფასების ინსტრუმენტების განვითარება. დღეს უკვე ხელმისაწვდომია სტანდარტიზებული ტესტები, სტრუქტურირებული ინტერვიუ და ზუსტი დიაგნოსტირების საშუალება.

ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია თვითშემეცნების ზრდა თავად ზრდასრულებში, რომლებიც ინტერესდებიან საკუთარი თავის გარშემო არსებული სიტუაციით, გამოწვევებით..

როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები ზრდასრულებში?

აუტიზმი ზრდასრულებში – დღეს უკვე კარგად ვიცით, რომ აუტიზმი მხოლოდ ბავშვობის მდგომარეობა არ არის. ბევრი ადამიანი ზრდასრულ ასაკამდე მოდის ისე, რომ საკუთარ თავისებურებებს უბრალოდ ხასიათს ან სიმორცხვეს მიაწერს. ხშირად ისინი წლების განმავლობაში სწავლობენ სოციალური სირთულეების დაფარვას – ე.წ. კამუფლაჟს – რაც დიდ ფსიქოლოგიურ რესურსს მოითხოვს და შეიძლება ქრონიკულ დაღლილობასა და შფოთვასთან იყოს დაკავშირებული.

ზრდასრულ ასაკში შეფასება ადამიანებს ეხმარება, უკეთ გაიგონ საკუთარი ძლიერი და მოწყვლადი მხარეები და ცხოვრება უფრო მორგებულად დაგეგმონ.

დისლექსია – დისლექსია ხშირად გვახსენდება სკოლის კონტექსტში, თუმცა რეალურად ის ზრდასრულობაშიც გრძელდება. ბევრი ზრდასრული ამბობს, რომ უბრალოდ ნელა კითხულობს ან წერაში მეტ ძალისხმევას ხარჯავს, თუმცა ამის უკან შესაძლოა არადიაგნოსტირებული დისლექსია იდგეს. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ დისლექსია ინტელექტთან კავშირში არ არის – ადამიანები ხშირად სრულიად ნორმალური ან მაღალი კოგნიტური შესაძლებლობებით გამოირჩევიან.

სწორ შეფასებას შეუძლია ადამიანს მისცეს პრაქტიკული სტრატეგიები სწავლაში, სამსახურში და ყოველდღიურ ფუნქციონირებაში.

ADHD- ხშირად მხოლოდ ჰიპერაქტიურ ბავშვებთან ვაკავშირებთ, მაგრამ ზრდასრულ ასაკში მისი სურათი განსხვავებულია. ჰიპერაქტიულობა შეიძლება ნაკლებად თვალსაჩინო იყოს და უფრო შიდა მოუსვენრობით, დროის მართვის სირთულეებით, დეზორგანიზაციით ან ყურადღების სირთულეებით გამოვლინდეს.

ბევრი ზრდასრული წლების განმავლობაში საკუთარ თავს „უმოტივაციოს“ ან „გაფანტულს“ უწოდებს. დიაგნოსტიკა კი საშუალებას იძლევა, ეს სირთულეები სწორად აიხსნას და შეირჩეს ეფექტური სტრატეგიები როგორც სამუშაოში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის, რომ განვითარების თავისებურებები არ არის იარლიყი და არ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებს. ისინი უბრალოდ განსხვავებული ნეირობიოლოგიური გზებია, როგორაც ტვინი მუშაობს.

დღეს შეფასება უფრო ხელმისაწვდომია, მეტი ინფორმაცია არსებობს და სტიგმაც ნელ-ნელა მცირდება. ამიტომ, თუ ადამიანს საკუთარ სირთულეებზე კითხვები აქვს, პასუხის ძიება სირცხვილი არ არის.

magti 5g