კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, პარტია საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის
გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მათი გუნდის გადაწყვეტილება თავიდანვე განსხვავებული იყო და „ლელოს“ ამ მოწვევის პარლამენტთან არავითარი შეხება არ ექნება.
„ბუნებრივია, ეს არის გახარიასა და მისი გუნდის გადაწყვეტილება. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება თავიდანვე განსხვავებული იყო. ჩვენ ჩავხსენით მანდატები, საქართველოს პარლამენტი დავტოვეთ. შესაბამისად, ეს საკითხი ჩვენთვის ამოწურულია. ამ მოწვევის პარლამენტთან არავითარი შეხება არ გვქონია და არც გვექნება.
რაც შეეხება მოქალაქეთა ინტერესების დაცვას, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ინტერესები დაცული და წარმოდგენილი იყოს ადგილობრივ დონეზე. არალეგიტიმურ პარლამენტში, რომელმაც შექმნა ე.წ. საგამოძიებო კომისია, რომელიც ასამართლებს საქართველოს თანამედროვე ისტორიას და რომელიც არალეგიტიმურად შეკრებილი ორგანოა, ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთ ორგანოში ყოფნის რაიმე აზრს“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისათვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
