გურამ ფალავანდიშვილს და მის შვილს, ალექსანდრე ფალავანდიშვილს შსს-ს თანამშრომლებმა გამოკითხვაზე დაბარების უწყებები ვერის ბაღში მიუტანეს. თუმცა პოლიციის თანამშრომლებს ფალავანდიშვილები ადგილზე არ დახვდნენ.
არსებული ინფორმაციით, ფალავანდიშვილები გამოკითხვაზე შსს-ს მიერ ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით დაწყებული საქმის ფარგლებში დაიბარეს.
შსს-მ “სახალხო რაზმების” პატრულირების შესახებ ლევან ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
შსს-ს ცნობით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება.
შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძის განცხადებით, თბილისში პატრულირებას “სახალხო რაზმები” დაიწყებენ.