LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გურამი რომ დაიბადა, დედას ორცხობილა შევუგზავნეთ, დავაწერე: „გურამ მიყვარხარ“, დღესაც მინდოდა, იზოლატორში წერილი შემეგზავნა „გურამ მიყვარხარ”… დედაჩემი როცა მეუბნება შენი გაზრდილიაო ვიბღინძები, უფრო მნიშვნელოვანი, საღი და საამაყო არც არაფერი ჩამიდენია“ – დაკავებული რეჟისორის, გურამ მაცხონაშვილის და

294
ელენე მაცხონაშვილი

18 იანვარს, თემქაზე გამართული აქციის დროს დაკავებული რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

გურამ მაცხონაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს მისი და, ასევე რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი და ძმას ემოციურ სტატუსს უძღვნის.

„გურამი რომ დაიბადა, 8 წლის ვიყავი. სამშობიაროში მივედით, დედას ორცხობილა შევუგზავნეთ, წერა ახალი ნასწავლი მქონდა და ორცხობილას ყუთზე დავაწერე: „გურამ მიყვარხარ“. თავიდანვე ჩემს ოთახში შემოასახლეს და ერთი კვირის თავზე მარტო, დამოუკიდებლად ვიტოვებდი.

5 წლის რომ გახდა პატარა სტატიების წერა დაიწყო პოლიტიკაზე და სპორტზე, გაზეთს აკეთებდა და მთელ ტირაჟს მე ვყიდულობდი. ასანთის ღერებს მიკროფონებად იყენებდა და სათამაშო ცხოველებით პარლამენტის სხდომებს დგამდა, დგამდა რა თამაშობდა ეგრე. ხუდადოვის ტყეში საგვარეულო ნივთებს მალავდა, მარხავდა და მერე კლასელებთან ერთად რუქით ეძებდა. სკოლაში წასვლამდე, მის ყველა დაბადების დღეზე ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებს აწყობდა სახლში, რესპუბლიკელი ან დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ, ფარული ხმის მიცემის უფლება დაბადების დღეზე მოსულ სტუმრებს ჰქონდათ. საჩუქრების გახსნაზე მნიშვნელოვანი მაგ საარჩევნო ყუთის გახსნა და ხმების დათვლა იყო.

სულ ორჯერ ვიჩხუბეთ, ერთხელ მაღაზიაში არ გამეგზავნა, მეწყინა და გავებუტე. მეორედ ავადსახსენებელ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობა რომ მივიღე, ეწყინა და გამებუტა.

დედაჩემს, როცა გურამის ქცევაში რაღაც არ მოსწონს, (მაგალითად და ძირითადად როცა იჭერენ) შენი გაზრდილიაო მეუბნება. ვიბღინძები. უფრო მნიშვნელოვანი, საღი, საამაყო და სწორი არც არაფერი ჩამიდენია.

დღესაც მინდოდა, წინასწარი დაკავების იზოლატორში წერილი შემეგზავნა „გურამ მიყვარხარ” – არაო, წერილები არ შეიძლებაო და მარტო წყალი და ხილი გავუგზავნე.

ჩემი სოლიდარობა, სიყვარული, თანადგომა და პატივისცემა ყველა უკანონო პატიმარს!“, – წერს ელენე მაცხონაშვილი სოციალურ ქსელში.

გურამი რო დაიბადა 8 წლის ვიყავი. სამშობიაროში მივედით, დედას ორცხობილა შევუგზავნეთ, წერა ახალი ნასწავლი მქონდა და…

Posted by Elene Matskhonashvili on კვირა, 19 იანვარი, 2025

ცნობისათვის, გურამ მაცხონაშვილი 18 იანვარს, თემქაზე, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის VII სამმართველოსთან იმ დროს დააკავეს, როდესაც აქცია „პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ“ მიმდინარეობდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ადგილზე პოლიციის ქმედებების გასაპროტესტებლად იყვნენ მისულები და სოლიდარობას უცხადებდნენ დაკავებულებს. აქციის მონაწილეებმა პირბადეები გაიკეთეს, რა დროსაც მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

ფოტო სლაიდზე: მარიამ ნიკურაძე

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები