5 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ჯგუფის Sonic Death-ის წევრები არსენი და დიანა მოროზოვები სტუმრობდნენ, რომელთაც რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებსა და რამდენიმე დღის წინ უკრაინის მხარდასაჭერ აქცია-პერფორმანსზე ისაუბრეს.
– პირველ რიგში იმ მიზეზებზე ვისაუბროთ, რამაც რუსეთის დატოვება და საქართველოში ჩამოსვლა გაიძულათ,
– (დიანა მოროზოვა) ადრე ვფიქრობდით, რომ რეჟიმთან ბრძოლა შეგვეძლო, ამიტომ კონცერტზე მოსულ მსმენელსაც აქტიურად ვუზიარებდით ჩვენს პოზიციას, თუმცა ომის დაწყების შემდეგ, როცა რამდენიმე საპროტესტო გამოსვლაში მივიღეთ მონაწილეობა, მივხვდით, რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, რადგან მსგავს აქციებზე განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის (ომონის) წევრები უფრო მრავლად არიან, ვიდრე რიგითი პროტესტანტები. სწორედ მაშინ მივხვდით, რომ რუსეთში დარჩენით ერთის მხრივ, მის აგრესიას, მეორეს მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას ვუჭერდით მხარს, რაც ირიბად უკრაინაში ომის მხარდაჭერასაც ნიშნავდა. ამასთანავე, უამრავი ჩვენი მეგობარი დააპატიმრეს, რომელთა უმეტესობა პირდაპირ სახლიდან წაიყვანეს.
– რამდენიმე დღის წინ საპროტესტო აქციაში მიიღეთ მონაწილეობა, როგორ შეხვდა ქართული პუბლიკა თქვენს გამოსვლას. ალბათ იცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი საკმაოდ აგრესიულადაა განწყობილი რუსეთის მოქალაქეების მიმართ?
– (არსენი მოროზოვი) ალბათ, დანაშაულის მონანიებას უფრო ვცდილობდით, რადგან პატიება გვინდოდა გვეთხოვა იმ ბოროტებისთვის, რაც რუსეთმა ჩაიდინა. სინამდვილეში ძალიან გვიჭირს პროტესტის ხმამაღლა გამოთქმა, რადგან ჩვენ აგრესორ ქვეყანას წარმოვადგენთ, თუმცა მადლობელი ვართ ქართველი ხალხის, რომელმაც არსებული სიტუაციის მიუხედავად მაინც მიგვიღო და გაგვიგო.
– (დიანა მოროზოვა) ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა, რადგან მხოლოდ ასე იქნება გაგებული ჩვენი ხმა, არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის სიმბოლოც რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ, რადგან სწორედ კედელთან სახით მდგარი ადამიანების გამოსახულება ითვლებოდა საბჭოთა კავშირში პროტესტანტების, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების სიმბოლოდ. მართალია, აქციაში მონაწილეობა მივიღეთ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან გვრცხვენოდა და საშინელი დანაშაულის გრძნობა გვქონდა. საკმაოდ რთული, მრავალპლანიანი პერფორმანსი წარმოვადგინეთ, რომელიც ყველამ განსხვავებული ემოციით აღიქვა, თუმცა პოზიტიურმა კონტექსტმა მაინც ყველა გაგვაერთიანა.

– ბევრმა ცნობილმა ადამიანმა ღიად გამოხატა საკუთარი პროტესტი. თქვენი აზრით, რა მომავალი აქვთ მათ რუსეთში?
– (არსენი მოროზოვი) უკვე გამოქვეყნდა აკრძალულ არტისტთა ნუსხა, რომელთაც ყველა სფეროში აეკრძალათ მუშაობა. ამასთანავე, დაიხურა ოპოზიციური რადიო Эхо Москвы, რომელიც 30 წელი არსებობდა. საწყენია, რომ რუსეთი ისევ ძველებურად აგრძელებს ცხოვრებას, ისე თითქოს არაფერი მომხდარა.
– პირადად თქვენ რამდენად აპროტესტებდით რუსეთის აგრესიას უკრაინის ომამდე?
– (დიანა მოროზოვა) ჩვენ ყოველთვის ღიად გამოვთქვამდით საკუთარ პოზიციას. რუსეთში ყოველთვის ბევრი უკმაყოფილო იყო, თუმცა ახლა მნიშვნელოვნად შეთხელდა მათი რიგები, რადგან ბევრს რეპრესიების ეშინია. მეტიც, დღეს რუსეთში „ომის“ ხსენება უკვე სამშობლოს ღალატია და 15-წლიანი პატიმრობით ისჯება.
– (არსენი მოროზოვი) 2008 წელს, როცა ტელევიზორში ვუყურებდი საქართველოში შემოსულ რუსულ ტანკებს, პირველად შემეშინდა, რადგან მაშინ არ არსებობდა ჰიბრიდული ომის მცნება და მეგონა, რომ ბირთვული ომი იწყებოდა. პირადად მე 2000-იანი წლების დასაწყისიდან ვაპროტესტებ არსებულ რეჟიმს, ამიტომ ის აქციები, რომლებიც დღეს ეწყობა რუსეთში, ჩემთვის ჩვეული და კარგად ნაცნობია. 2000-იანი წლების დასაწყისში ბევრმა სწორედ ბოიკოტის ნიშნად დატოვა რუსეთი. სამწუხაროდ, მაშინ მათი ნაკლებად მესმოდა და მხოლოდ ახლა გავუგე, როცა ჩვენც მოგვიწია საკუთარი ქვეყნის დატოვება.

– ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული აგრესია ქართველი მუსიკოსების კონცერტებმა გამოიწვია. მართლა ასე რთულია პროპაგანდისტულ გამოსვლებზე უარის თქმა?
– (არსენი მოროზოვი) ჩვენ შევძელით და უარი ვთქვით რამდენიმე ღონისძიებაში მონაწილეობაზე, თუმცა ბევრი საერთოდ ვერ ხვდება რა ხდება და ბრმად უჭერს მხარს პუტინის რეჟიმს, რომელსაც 20 წელია ტელევიზია უწევს პროპაგანდას. პირადად მე არ მესმის, როგორ შეიძლება სისხლიანი რეჟიმის მხარდაჭერა, მთელი მსოფლიო ხედავს რა ხდება უკრაინაში და მხოლოდ რუსები ვერ ხედავენ. ვფიქრობ, რუსეთს, რომელიც წინსვლის ნაცვლად უკან, შუასაუკუნეებში ბრუნდება, საერთოდ არ აქვს მომავალი.
– რამდენად მოსწონს ახალგაზრდა თაობას პუტინის მომხრე მუსიკოსები, მათ შორის ისინი, ვინც ლუჟნიკის სტადიონზე მოაწყო კონცერტი?
– (დიანა მოროზოვა) რამდენადაც ვიცი, ლუჟნიკის პუბლიკის დიდ ნაწილს პრაქტიკულად აიძულეს კონცერტზე მისვლა. ვფიქრობ, რუსეთის მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ძალიან უჭირთ გაცნობიერება, რომ რუსეთი აგრესორი, მკვლელი ქვეყანაა, ამიტომ ურჩევნიათ დაიჯერონ, თითქოს ნაციზმისგან ათავისუფლებენ უკრაინელებს, როგორც ამას ტელევიზია ქადაგებს.
– მედიით გავრცელებული დეზინფორმაციის ფონზე სად შეიძლება სიმართლის, რეალური ინფორმაციის გაგება?
– (არსენი მოროზოვი) ყველამ კარგად იცის, რომ პროპაგანდისტული მედია სიცრუეს ავრცელებს. 2011 წლამდე მეტ-ნაკლებად არსებობდა თავისუფალი მედია, სადაც განსხვავებული აზრის, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მოსმენა შეიძლებოდა, მერე კი, ყველაფერი აიკრძალა. დღეს პრაქტიკულად არაფერი აღარ არსებობს, ადამიანებმა რეალობის შეგრძნება და ერთმანეთთან ურთიერთობის უნარი დაკარგეს.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, საქართველოში აპირებთ დარჩენას თუ სხვა ქვეყანაში გაემგზავრებით?
– (არსენი მოროზოვი) რაღაცის მისაღებად, ყოველთვის რაღაცის გაცემა გიწევს. ჩვენ ყველაფერი დავთმეთ, რაც გვქონდა სახლის, მშობლების და მომავლის იმედის ჩათვლით. შეუძლებელია რუსეთში ცხოვრება, რადგან იქ ყოფნით ირიბად, მაგრამ მაინც სისხლიანი, არაადამიანური რეჟიმის მხარდამჭერები გამოვდივართ.
– (დიანა მოროზოვა) რუსეთში უამრავი პოპულარული ჯგუფია, რომლებიც სისტემატურად მართავენ კონცერტებს, აწყობენ მოდურ წვეულებებს და სწორედ მათი შემხედვარე ექმნებათ ჩვეულებრივ მოქალაქეებს შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი წესრიგშია, ქვეყანა ცოცხლობს და ყველა ბედნიერია. კარგი იქნებოდა მსოფლიოს დაენახა, რომ სხვა რუსებიც არსებობენ, ისინი, ვინც განსხვავებულად ხედავს და განსხვავებულად აზროვნებს. სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოსთვის ყველაფერი რუსული ტოქსიკურია, ამიტომ შეუძლებელია ამ ქვეყნის სახელით სიკეთის, რაიმე კარგის კეთება.
