დღეს, 24 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ბოლო პროცესი იმართება.
სასამართლოში მივიდა ნიკა გვარამიას მეუღლე სოფო ლილუაშვილი, რომელმაც მოსამართლეებს მოუწოდა – ისტორიის სწორ მხარეს დადგნენ და სწორი გადაწყვეტილება მიიღონ:
„სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ აწყობს ნიკა თავისუფლებაზე და აწყობს, რომ ის იყოს გამოკეტილი, რადგან ნიკას გარეთ ყოფნა ძალიან ბევრ რამეში უშლით ხელს და მათ გეგმებში, ასე ვთქვათ, არ ჯდება.
მინდა, მივმართო მოსამართლეებს – არ დაამახინჯონ კიდევ ერთხელ საქართველოს ისტორია, დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომლის შემდეგაც საკუთარი შვილების თვალებში ჩახედვის არ შერცხვებათ“, – აღნიშნა სოფო ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა.
პროკურატურა მას ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“ ედავება.