LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვესაჭიროება ბუღალტერი, მაღალი, გამხდარი გოგონა – გთხოვთ, CV „სელფთან“ ერთად გადმოგვიგზავნოთ მეილზე“ – დისკრიმინაციული მოპყრობისთვის საწარმო დააჯარიმეს

103
გენდერული დისკრიმინაცია

შრომის ინსპექციის სამსახურმა წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაციული მოპყრობის განმეორებითი ფაქტი დაადგინა, რასაც საწარმოს დაჯარიმება მოჰყვა. საწარმომ დისკრიმინაციული შინაარსის ვაკანსიის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექციის მხრიდან პირველად განხორციელებული რეაგირების, კერძოდ, გაფრთხილების გაცემის მიუხედავად, სოციალური ქსელის მეშვეობით, განმეორებით გამოაქვეყნა დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი განცხადება: „გვესაჭიროება ბუღალტერი, 50 წლამდე გოგონა სრულ განაკვეთზე სამუშაოდ; მოთხოვნები: მაღალი, გამხდარი, პროგრამა „ფინაში“ მუშაობის გამოცდილება, წარმოებაში მუშაობის გამოცდილება; გთხოვთ CV „სელფთან“ ერთად გადმოგვიგზავნოთ მეილზე.“

ინსპექციის ცნობით, დამსაქმებელმა გამოცხადებულ ვაკანსიას ხუმრობა უწოდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების ერთგვარ მაგალითად დაასახელა.

„დისკრიმინაცია აკრძალულია როგორც შრომით, ასევე წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადებების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე. დისკრიმინაცია სახეზეა, როდესაც არსებობს განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში მყოფი პირების მიმართ და რომელსაც არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შრომის ინსპექციის სამსახურმა დაადგინა, რომ დამსაქმებლის მხრიდან დასაქმების მსურველ პირებთან მიმართებით ადგილი ჰქონდა ასაკის, სქესისა და გარეგნობის ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას, რისთვისაც სახდელის სახედ გამოყენებულ იქნა კანონით განსაზღვრული ჯარიმის სამმაგი ოდენობა და დამსაქმებელს გამოქვეყნებული ვაკანსიის ტექსტის ცვლილება დაევალა.

შრომის ინსპექციის სამსახური მოუწოდებს დამსაქმებლებს:

არ დაუშვან ვაკანსიის ტექსტში დისკრიმინაციული ენის მარკეტინგული თუ სხვა მიზნებისათვის გამოყენება;

არ შეუწყონ ხელი საზოგადოებაში ახალი სტერეოტიპული შეხედულებების დამკვიდრებას ან/და უკვე არსებულების გაძლიერებას;

გამონახონ „ოქროს შუალედი”, რომლითაც დაცული იქნება, როგორც აზრის თავისუფლება, ასევე იმ პირთა უფლებები, რომლებიც ამ თავისუფლების სამიზნეს წარმოადგენენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები