“მხოლოდ ერთი ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი დაგვემატა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია.
“გვაქვს “კოვიდ 19″-ის 4 ახალი შემთხვევა, ჩვენს კლინიკაში შემოვიდა მხოლოდ ერთი ახალი პაციენტი, რომლის ინფიცირების წყარო ცნობილია და ჩვენთან მწოლიარე პაციენტის კონტაქტია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით საშუალოზე მსუბუქია. არ აქვს მძიმე პნევმონია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიამ დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლინიკაში ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტი მკურნალობს.
“ამ ეტაზე 55 დადასტურებულად ინფიცირებული პაციენტია. გუშინ დაგვემატა 2 გამოჯანმრთელებული და მთლიანობაში უკვე 71 გამოჯანმრთელებულია. გვყავს ერთი კრიტიკულად მძიმე პაცინეტი, რომელსაც აღენიშნება ძალიან მძიმედ მიმდინარე პნევმონია, არის ჟანგბადდამოკიდებული, აქვს თანმხლები დაავადებები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტონული დაავადება. ჯერჯერობით მისი მდგომაროების სტაბილიზირება ვერ ხერხდება. მძიმე პნევმონიით გვრჩება 7 პაციენტი, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია და დინამიკა გაურესებისკენ არ შეინიშნება”, – აცხადებს ეზუგბაია.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 593-ს მიაღწია.