„არავის გაუკვირდეს, რომ რესპირატორული დაავადებები მომატებულია…“
თბილისის მოსახლეობა დაბინძურებული ჰაერისა და გამონაბოლქვის გამო ძალიან არის შეწუხებული. სოციალურ ქსელებში ხშირად ჩივიან, რომ საცობებით გადატვირთული ქუჩის მცხოვრებლები ფანჯრების გაღებას ვერ ახერხებენ. ამას ყველა ის ადამიანიც გრძნობს, ვინც მანქანით რამდენიმე წუთის განმავლობაში საცობში მდგარა.
აშკარაა, რომ გარკვეული მკაცრი ზომებია ამ მხრივ გასატარებელი. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ იმ წერტილებში, სადაც მათ აქვთ დამონტაჟებული სადგურები, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ნორმას ისე არ აჭარბებს, რომ ეს ადამიანებისთვის საშიში იყოს. ექსპერტი ნინო ჩხობაძე კი ამბობს, რომ მონიტორინგი არ წარმოებს ცხელ წერტილებში, სადად ყველაზე დიდი მოძრაობაა და იქ კატასტროფული ვითარებაა.
გვესაუბრება მარინა არაბიძე, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი:
საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგს აწარმოებს ხუთ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ზესტაფონში. ჩვენ, გარდა ამისა, დავიწყეთ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვები, რაც გულისხმობს ინდიკატორების 9 ქალაქში, 58 წერტილში განთავსებას, მიღებული მასალა დიდ ბრიტანეთში გაიგზავნება და მივიღებთ პასუხებს. ეს მოსახლეობისთვის საინტერესო იქნება, რადგან ამ პასუხებს რუკებზე გადავიტანთ.
ქალბატონო მარინა, რა აბინძურებს საქართველოში ჰაერს?
ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი გახლავთ ავტოტრანსპორტი, 90%-ზე მეტი თბილისის ჰაერის დაბინძურებაში სწორედ ავტოტრანსპორტზე მოდის. შემიძლია გითხრათ წლევანდელი სექტემბრის მონაცემები. თბილისში, კვინიტაძის ქუჩაზე დაფიქსირდა მტვრისა და ნახშირჟანგის მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაციის გადაჭარბება, მტვერი იყო ნორმაზე 2,2-ჯერ მეტი, ნახშირჟანგი 1,1-ჯერ. წერეთლის გამზირზე მტვრის კონცენტრაცია 2,4-ჯერ აღემატებოდა ნორმას, ვაშლიჯვარში ყველა დამაბინძურებელი ნორმაში იყო, მაგრამ სადგური ფონურია, ანუ შედარებით სუფთა ადგილას არის განთავსებული ქალაქის მასშტაბით.
ნორმასთან შედარებით ასეთი გადაჭარბება შემაშფოთებელია თუ არა?