LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰიპერტენზიის მსუბუქი ფორმების დროს საერთოდ არაა საჭირო მედიკამენტების მიღება, რადგან ცხოვრების წესის კორექტირება – აქტივობის, კვების და ძილის მოწესრიგებაც მშვენიერ ეფექტს იძლევა” – ზურაბ კლიმიაშვილი გადაცემაში „პულსი“

22
ზურაბ-კლიმიაშვილი

19 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ევროპის გულ-სისხლძარღვთა დაავადების პრევენციის საზოგადოების ნაციონალური კოორდინატორი ზურაბ კლიმიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც არტერიულ ჰიპერტენზიასა და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებებზე ისაუბრა.

– ბატონო ზურაბ, ორი კვირის წინ დაბრუნდით თქვენი ასოციაციის შემაჯამებელი კონფერენციიდან, სადაც ძალიან საინტერესო მოხსენება გააკეთეთ სათაურით „ვუმკურნალოთ თუ არა  არტერიულ ჰიპერტენზიას?“. საინტერესოა, რატომ გაჩნდა მსგავსი შეკითხვა თემაზე, რომელიც მანამდე არც კი განიხილებოდა?

– ხშირად ვსაუბრობთ გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადებაზე. განსაკუთრებით მწვავე თემაა არტერიულ ჰიპერტენზია, რადგან პლანეტის ყოველი მესამე ზრდასრული მოსახლე ამ დაავადებით იტანჯება. რა თქმა უნდა, თანამედროვე მედიცინა მაქსიმალურად ცდილობს როგორც დაავადების გავრცელების, ისე ავადობის შემცირების და მკურნალობის ეფექტური მეთოდების დანერგვას, რაც პირველ რიგში წნევის ნორმალიზებას და გართულებების თავიდან აცილებას გულისხმობს.

რა თქმა უნდა, ჩემი მოხსენების სათაური პროვოკაციული და დამაინტრიგებელია, თუმცა ის უფრო პირობითია, რადგან არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა პირველ რიგში მედიკამენტებთან ასოცირდება, მაშინ როცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. მეტიც, ჯანსაღი ცხოვრების გარეშე მედიკამენტური მკურნალობაც არაეფექტური ხდება. ამასთანავე, ჰიპერტენზიის მსუბუქი ფორმების დროს საერთოდ არაა საჭირო მედიკამენტების მიღება, რადგან ცხოვრების წესის კორექტირება – აქტივობის, კვების და ძილის მოწესრიგებაც მშვენიერ ეფექტს იძლევა.

რაც შეეხება მედიკამენტურ მკურნალობას – მედიცინის განვითარების ფონზე, სულ უფრო ინტენსიურად ჩნდება ახალი და ეფექტური მედიკამენტი. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პაციენტის ინდივიდუალურად გამოკვლევა, რისკ-ფაქტორების შეფასება, ქრონიკული დაავადებების გათვალისწინება და სწორედ მათი შესაბამისი მედიკამენტების გამოყენება.

– ბევრი გაურბის მედიკამენტებით მკურნალობას, რადგან თვლის, რომ ერთხელ თუ დაიწყო წამლის მიღება, სიცოცხლის ბოლომდე მოუწევს მისი დალევა,

– გეთანხმებით, პაციენტები მეტწილად სწორედ მედიკამენტური მკურნალობის ხანგრძლივობით ინტერესდებიან, რადგან არავის არ უნდა მთელი ცხოვრება წამლის მიღება, ამიტომ ზოგი ოდნავი გაუმჯობესების შემთხვევაშიც თავს ანებებს მკურნალობას და მერე ყველაფრის თავიდან დაწყება უწევს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ადამიანზე და მისი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. შესაძლოა, ხანდაზმულებს მართლაც მოუწიოთ წამლების მუდმივად მიღება, მაგრამ ახალგაზრდებს ჯერ კიდევ აქვთ რესურსი, გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი. მოწესრიგებული ძილი, რეგულარული აქტივობა და კვებითი რეჟიმი – ეს ის სამი პოსტულატია, რომელიც ყველა მედიკამენტზე უკეთ ებრძვის ნებისმიერ დაავადებას.

– რამდენად ნეგატიურად აისახება დაბინძურებული გარემო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე?

– რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება. მეტიც, სახელმძღვანელოებსა და გაიდლაინებში სულ უფრო ხშირად სახელდება ჰიპერტენზიის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაბინძურებული ჰაერი და მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა თბილისში, საშინლადაა დაბინძურებულია ჰაერი, რაც ნეგატიურად აისახება მოსახლეობაზე, მით უფრო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით დასნეულებულ პაციენტებზე. სამწუხარო სტატისტიკაა, მაგრამ დაბინძურებული ჰაერით წლის მანძილზე უფრო მეტი ადამიანი იღუპება მთელ მსოფლიოში, ვიდრე კოვიდის დროს დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები