Hippie-ის მიერ წარმოებული ხელნაკეთი ნივთები იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და თურქეთში გაიყიდა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის თანადამფუძნებელმა, ლალი თვალიაშვილმა განუცხადა, ფერად და ჯადოსნურ ხელნაკეთ ნივთებზე როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე მოთხოვნა დიდია.
”გვქონდა 10-მდე შემთხვევა, როდესაც ჩვენი პროდუქციით ევროპული ქვეყნებიდან დაინტერესდნენ და Hippie-ის ნივთები ფოსტის საშუალებით გავაგზავნეთ. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, აქ მოთხოვნა მიწოდებას ბევრად აღემატება. დღითიდღე იზრდება ბრენდის პოპულარობა და შესაბამისად, შეკვეთების რაოდენობაც”, – აღნიშნა თვალიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, Hippie-ის ხელნაკეთი ნივთები ნატურალული ქვების, ტყავის შემცვლელისა და ბუნებრივი ყვავილებისგან მზადდება.
”ძირითადად, ჩანთებსა და აქსესუარებზე ვმუშაობთ. თუმცა, ვაპირებთ სხვა ნივთების დამატებასაც. რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, ის სრულიად საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. მომხმარებელი სოციალური ქსელის მეშვეობით გვიკვეთავს სასურველ ნივთს და ჩვენ მას აღნიშნულ პროდუქტს ფოსტით ვუგზავნით”, – განმარტა კომპანიის თანადამფუძნებელმა.
მისივე ინფორმაციით, ამიერიდან მომხმარებელს ონლაინ-შოპინგის გარდა, Hippie-ის ნივთების შეძენა, ამავე სახელწოდების მაღაზიაშიც შეუძლია. კომპანიამ 2 კვირაა, რაც პეკინის ქუჩაზე საკუთარი მაღაზია გახსნა. რაც შეეხება, ფერადი და ხელნაკეთი ნივთების ღირებულებას, ის 2-დან 79 ლარამდე მერყეობს. ამასთან, როგორც ლალი თვალიაშვილმა აღნიშნა, სამომავლოდ სახელოსნოს და მაღაზიის ერთ სივრცეში მოწყობა იგეგმება, იმისთვის რომ მომხმარებელმა საკუთარი თვალით ნახოს, როგორ მზადდება Hippie-ის ნივთები. კომპანია მათ ამ პროცეში მონაწილეობის შესაძლებლობასაც მისცემს.
ცნობისთვის, Hippie-ის ნივთები ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა. კომპანიის სახელოსნო კი რუსთავში მდებარეობს და აქ ამ ეტაპზე 2 ადამიანია დასაქმებული.