LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Human Rights Watch-ის წარმომადგენლები: „საჭიროა კონკრეტული და გადამწყვეტი ნაბიჯები, ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებისა და დიპლომატებისთვის შენგენის სავიზო მოთხოვნების დაწესება უნდა განიხილოს“

116
Human Rights Watch

საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ და ევროკავშირს მოუწოდებენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიიღოს.

განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ HRW-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ინტერესთა დაცვის დირექტორი ისკრა კიროვა და ასოცირებული დირექტორი გიორგი გოგია, აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები დაგმო, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯების დროა.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც საქართველოს საკითხის განსახილველად 16 დეკემბერს შეიკრიბებიან, უნდა მოითხოვონ დამოუკიდებელი გამოძიება ქვეყანაში მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩახშობის შესახებ, რომელიც უკვე მეორე კვირაა გრძელდება.

ასევე ევროკავშირის მინისტრებმა სანქციები უნდა დაუწესონ იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებზე. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის ფონზე, საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ხელისუფლების მკაცრი პასუხი, საქართველოში ადამიანის უფლებათა კრიზისის საფრთხეს ქმნის.

ევროკავშირი გმობს ხელისუფლების რეპრესიულ ქმედებებს, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯების დროა.

გაერთიანების წევრმა ქვეყნებმა კონსენსუსს უნდა მიაღწიონ, იმისათვის, რომ ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი გამოიყენონ იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში აქციის მონაწილეების ცემაზე და მათ წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებაზე. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და დიპლომატებისთვის შენგენის სავიზო მოთხოვნების შემოღება უნდა განიხილოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g