იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის მტკიცებით, შეზღუდვების მოხსნა უდავოდ საფრთხის შემცველია და აქ არ შეიძლება მეორე აზრი არსებობდეს. კულუმბეგოვი “რუსთავი 2”-ის ეთერში იმ ორ მთავარ მიზეზს აღნიშნავს, რის გამოც ამბობს, რომ შეზღუდვების მოხსნას ვირუსის გავრცელების ზრდა მოჰყვება. ამიტომ, კულუმბეგოვის განცხადებით, მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ სადღესასწაულო დღეებში სტუმრიანობის თვალსაზრისით.
“აქ ორი საფრთხეა.ჯანმომ პირველად გააკეთა უპრეცედენტო მოწოდება, რომ შობის დღეს თუ თქვენ გეყოლებათ სტუმრები გამოიყენეთ პირბადეებიო, მსგავსი მოწოდება მათ არ ჰქონიათ.
ჩვენს ქვეყანაში, რაც არ უნდა შეზღუდვები შევინარჩუნოთ სტუმრიანობას მაინც ვერ შევაჩერებთ. იანვრის მეორე ნახევარში შემთხვევების რაოდენობის გაზრდა იქნება, 40% არის შიდა ოჯახური გავრცელება. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ თუ ამას საზოგადოებრივი ტრანსპორტი და უკონტროლო რიგები დაემატება ეს ყველაფერი ეპიდემიის კონტროლზე აისახება.”- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.