იაპონიაში დაიხურა კომპანია Rental Kowaihito, რომელიც კრიმინალის ვიზუალის მქონე „საშიში ადამიანების“ გაქირავებით იყო დაკავებული. ამის შესახებ გამოცემა Sora News 24 წერს.
კომპანია კლიენტებს სთავაზობდა შესაძლებლობას, დაექირავებინათ მის თანამშრომელთაგან ერთ-ერთი – დაკუნთული, ხშირ შემთხვევაში თმა გადაპარსული მამაკაცი, რომლის ხელებიც იაკუძას ტატუებით იყო დაფარული. როგორც კომპანიის საიტზე ეწერა, არსებობდა უამრავი სიტუაცია, სადაც ასეთი ადამიანების ჩარევა სასარგებლო იქნებოდა. მაგალითად, მათი ყოფნა აუცილებელია იყო მაშინ, როცა საჭირო იყო შემაწუხებელ მეზობლებთან გამკლავება, ცოლის საყვარლისთვის ჭკუის სწავლება ან უსიამოვნო თანამშრომლებთან საქმის გარჩევა.
„Rental Kowaihito — ეს არის სერვისი, რომელიც აქირავებს „შიშის მომგვრელ ადამიანებს“. მათი გამოყენება შესაძლებელია – ისეთი პირადი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა ბულინგი, მეუღლის ღალატი ან კონფლიქტები მეზობლებთან. ეს ბევრად იაფი და სანდოა, ვიდრე ადვოკატების ან დეტექტივების ჩართვა. კონსულტაცია უფასოა, ამიტომ ნუ მოგერიდებათ ჩვენთან დაკავშირება..“ – წერია კომპანიის ოფიციალურ საიტზე.
კომპანიის პოსტებში ხაზგასმული იყო, რომ „შიშის მომგვრელი ადამიანის“ გვერდით ყოფნა ქალებსაც ეხმარებოდა საკუთარი პოზიციის დაცვაში, რადგან მათ მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად იცვლებოდა.
„ქალები ხშირად ხვდებიან სიტუაციებს, როცა მათ სერიოზულად არ აღიქვამენ. შეიძლება ქუჩაში დაგეჯახონ, უცნობებმა მოგმართონ შენობით, ან მომსახურე პერსონალი მამაკაცებთან იყოს თავაზიანი, თქვენთან კი – არა. ეს არასწორია, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირია. თუ თქვენ გვერდით ‘შიშის მომგვრელი ადამიანი’ დგას, მაშინ აღარ იგრძნობთ თავს დაუფასებლად და უფრო თავდაჯერებულად შეძლებთ თქვენი პოზიციის დაცვას.“
სერვისი აქტიურად სთავაზობდა დახმარებას ბულინგის წინააღმდეგაც:
„ბულინგთან ბრძოლაში ‘შიშის მომგვრელი ადამიანის’ მოხმობა უფრო სანდო გზაა, ვიდრე სკოლისთვის შეტყობინება.“
ერთ-ერთი ისტორია, რომელსაც Rental Kowaihito ავრცელებდა, ეხებოდა კლიენტს, რომელმაც სთხოვა თანამშრომელს თან გაჰყოლოდა ყოფილი სამუშაო ადგილიდან ხელფასის გამოსატანად, რადგან შიშობდა, რომ თანხას სრულად არ გადაუხდიდნენ. კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით პრობლემა სწრაფად მოგვარდა და კლიენტმა ხელფასი მიიღო.
ფირმა ამტკიცებდა, რომ „შიშის მომგვრელი ადამიანის“ ჩარევისას პრობლემების უმეტესობა 30 წუთში გვარდებოდა. ასეთი მომსახურება 20 ათასი იენი ღირდა. ასევე არსებობდა სამ საათიანი პაკეტი 50 ათასი იენით, ხოლო უფრო ხანგრძლივი დავალებები ინდივიდუალურად ფასდებოდა.
მიუხედავად პოპულარობისა, კომპანიის საიტზე არ იყო მითითებული მისამართი და ტელეფონი – ერთადერთი საკონტაქტო გზა მესინჯერი იყო. თუმცა 31 აგვისტოს Rental Kowaihito-მ მოულოდნელად დაიხურა.