„გიორგი ახობაძეს იცით რამდენი სიკვდილთან მებრძოლი პატარა პაციენტი გადაურჩენია? ყველას რომ ხელები ჰქონდა დაშვებული, იქ ჩნდებოდა გიორგი და სასწაულს ახდენდა ყოველთვის, სხვისი ცხოვრებით სუნთქვა იცით რა არის?“ – ამის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი 7 დეკემბერს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძესთან დაკავშირებით წერს.
ინგა მამუჩიშვილის განცხადებით, გიორგი ახობაძე, რომელიც არაჩვეულებრივი ექიმი და მოქალაქეა, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს:
„ერთხელ უმძიმეს, უიმედო პაციენტზე დავურეკე (ეპიგლოტიტი) ძალიან ვნერვიულობდი, საინტუბაციო მილის ჩადგმა ვერ ხერხდებოდა ტოტალური შეშუპების გამო, დამამშვიდა, ჰაერის ერთი ბუშტუკი დავინახე და უწვრილესი მილით შევედიო, დღეს ის ბავშვი კარგად არის და რამდენი გავიხსენო ასეთი…
მომაკვდავ დედას მარტო უვლიდა სახლში. უამრავი მშობელი მეკითხება გიორგის მდგომარეობას… დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ადამიანი, რომელსაც სხვა ადამიანების გადარჩენის უძლიერესი ბერკეტი უპყრია ხელთ, არაჩვეულებრივი ექიმი, კოლეგა და მოქალაქეა.
თავისუფლება გიორგი ახობაძეს“, – წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.
George Akhobadze იცით რამდენი სიკვდილთან მებრძოლი პატარა პაციენტი გადაურჩენია??? ყველას რომ ხელები ქონდა დაშვებული იქ…
Posted by Inga Mamuchishvili on სამშაბათი, 17 დეკემბერი, 2024
ცნობისათვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნების დროს დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-იდან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 10 დეკემბერს შეეფარდა.