შემოდგომა საქორწინო სეზონია! თუ თქვენც მზადება გაქვთ და ჯერ არ შეგირჩევიათ შესაბამისი კაბა, მიენდეთ ვარსკვლავებს და ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი სამოსის შერჩევაში.
ვერძი
ტიპიური ფუშფუშა საქორწინო კაბა ვერძს ნაკლებად გამოადგება, რადგან ის, მოკრძალებულ და შედარებით მკაცრ სამოსში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. ვერძს ყველაზე მეტად ელეგანტური და მარტივი სილუეტის, მაქმანისა და ძვირფასი თვლების გარეშე გაწყობილი კაბა მოუხდება, რომელიც ხაზს გაუსვამს მის მოხდენილ ფიგურას.
კურო
საქორწინო კაბის შერჩევა კუროსთვის ნამდვილი სიამოვნებაა, რადგან ის ვენერას – სილამაზის და ხელოვნების მმართველი პლანეტის მფარველობის ქვეშაა. კუროს მდიდრული ქსოვილი და ტექსტურა მოსწონს, უპირატესობას კი, დეკორით ან ნაქარგით გაწყობილ მოდელებს ანიჭებს. რომანტიკული ნატურის კუროს ყველაზე მეტად დახვეწილი და ჰაეროვანი მოდელი მოუხდება ყვავილების ან მცენარეების ნაქარგით.
ტყუპები
იდეალური კაბა ტყუპებისთვის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მძიმე და გადატვირთული. ტყუპებს ბრწყინვალე გემოვნება აქვთ და კარგად ერკვევიან ფერებში, ქსოვილსა და ფაქტურაში, ამიტომ არ გაუჭირდებათ ორიგინალური საქორწინო კომპლექტის – კაბის, ფეხსაცმლის და აქსესუარების შერჩევა. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს არ ჭირდებათ იდეალური სადღესასწაულო კაბა, მათთვის მთავარი ბანალურობისგან თავის დაღწევა და საკუთარი ინდივიდუალურობის დემონსტრირებაა.
კირჩხიბი
მთვარის მფარველობის ქვეშ მყოფ კირჩხიბს ძალიან უყვარს ძველი და ანტიკვარული ნივთები, ამიტომ მისთვის მოსაწონ ნიშნობის ბეჭედს ან საქორწინო კაბას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი ისტორია. საუკეთესო ვარიანტი კირჩხიბისთვის წვრილი მაქმანით გაწყობილი კაბაა, მაღალი საყელოთი და გამოყვანილი წელით, რასაც იდეალურად მოუხდება ძველებული საგვარეულო სამკაული და ფეხსაცმელი ფიგურული ქუსლით.
ლომი
ცეცხლოვანი ლომის მფარველი პლანეტა მზეა, ამიტომ ყოველთვის ცდილობს მოექცეს საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ქორწილი კი – საკუთარი პერსონის გარშემო აჟიოტაჟის შექმნის საუკეთესო საშუალებაა. იდეალური ვარიანტი ლომისთვის ოქროსფერში გაწყობილი კაბა იქნება, მსხვილი სამკაულით, მასიური ვარცხნილობით და ეფექტური მაკიაჟით, რათა ქორწილში მისულმა სტუმრებმა, კიდევ დიდხანს ილაპარაკონ ყველაზე ლამაზ პატარძალზე.
ქალწული
ქალწულის სტიქია მიწაა, ამიტომ საქორწინო კაბის შეძენას ის ფულის ერთგვარ დაბანდებად აღიქვამს და მეტად სერიოზულად ეკიდება ამ საკითხს. ქალწულისთვის პრიორიტეტული იდეალური სილუეტი და ხელით ნაქარგი ელემენტებია. ის ყოველთვის ცდილობს გაუსვას ხაზი საკუთარ ქალურობას და ბუნებრივ ელეგანტურობას, ამიტომ იდეალური ვარიანტი მისთვის კრისტალებით გაწყობილი ლაკონური კაბა იქნება, რომელსაც სადა, თუმცა, ძვირფასი სამკაული დაამშვენებს.
სასწორი
კუროს მსგავსად, სასწორის მფარველიც ვენერაა და სწორედ ეს განაპირობებს სილამაზის აღქმის მის თანდაყოლილ უნარს. სასწორი, რომელიც ჰოროსკოპის ერთ-ერთ ყველაზე რბილ და ქალურ ნიშნად ითვლება, კარგად ერკვევა მოდის ტენდენციებში და უპირატესობას ელეგანტურად გაფორმებულ მდიდრულ ტანსაცმელს ანიჭებს, რომელიც ხაზს გაუსვამს მის სექსუალურობას.
მორიელი
ეპატაჟისკენ მიდრეკილი მორიელი არასდროს ღალატობს პრინციპებს და საკუთარი ქოწრილისთვისაც ნაკლებად კლასიკურ სამოსს ირჩევს. მთავარი მისთვის ორიგინალურობაა, ამიტომ საუკეთესო ვარიანტი თეთრი კაბა იქნება ეთნიკური, შესაძლოა პროვოკაციული ელემენტებით, რასაც აქტუალური აქსესუარებით – მასიური სამკაულით ან უხეში ბათინკებით შეავსებს. მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება ზოდიაქოს სხვა ნიშნებისთვის კატეგირიულად აკრძალულია, რადგან ასეთი სამოსის მოხდენა მხოლოდ მორიელს შეუძლია.
მშვილდოსანი
მშვილდოსნის მფარველი იუპიტერია, ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ მას ყველაფრის გადაჭარბება უყვარს. მშვილდოსანი მაქსიმალისტია ყველაფერში – ქორწილში მიწვეული სტუმრების რაოდენობით დაწყებული, კაბის შერჩევით დასრულებული, რომელიც აუცილებლად მდიდრული და მასიური, რუშებით და მაქმანებით გაწყობილი უნდა იყოს.
თხის რქა
მიწის კიდევ ერთი სტიქია – თხის რქა, ყველაფერში პრაქტიკულობას იჩენს, ამიტომ ნაკლებად გამოადგება უტრირებული სადღესასწაულო კაბა მაქმანით. კაბის აჩევისას, თხის რქამ აქცენტი მაქსიმალურად ლაკონურ და მოხერხებულ მოდელზე უნდა გააკეთოს, რომელსაც მართალია მარტივი, მაგრამ ელეგანტური სილუეტი ექნება.
მერწყული
მერწყული ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული და წინააღმდეგობრივი ზოდიაქოს ნიშანია, რომელსაც არასდროს ეშინია ექსპერიმენტების. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ საკუთარ ქორწილში მერწყული მსხვილი აქსესუარებით და ასიმეტრიული დეტალებით გაწყობილი ეკლექტიკური სამოსით გამოცხადდება.
თევზები
ბოჰემური, რომანტიკული და მდიდრული – სწორედ ასეთი იქნება თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული გოგონას კაბა, რადგან შემოქმედებითი ნიჭი და დახვეწილი გემოვნება მათი ხასითის მთავარი თვისებაა.