საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პირველ ეტაპს იწყებს. ნაკრებში გამოძახებული მოთამაშეების დიდი უმრავლესობა თბილისში შეიკრიბა და 16 ივლისს, გუნდის სამწვრთნელო შტაბთან ერთად გენერალურ შეკრებაზე სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში გაემგზავრება.
ნაკრებს სლოვენიაში ჩასვლის დღეს შეუერთდება თორნიკე შენგელია, ხოლო 24 ივლისს პოდჩეტრტეკში გოგა ბითაძე ჩავა, რომელიც ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას დღეს იწყებს. მომქანცველი და წარმატებული სეზონის შემდეგ მოგვიანებით, თბილისში დაბრუნების შემდეგ შეუერთდება ეროვნულ გუნდს ზაზა ფაჩულია.
ჩინეთიდან დღეს ბრუნდება საქართველოს „ბ“ ნაკრები, რომლიდანაც ეროვნულ გუნდში 4 კალათბურთელი ინაცვლებს – გიორგი გამყრელიძე, ილია ლონდარიძე, ბესო ლეჟავა და ნოდარ გოგოძე. მთლიანობაში სლოვენიაში თავს 19 კალათბურთელი მოიყრის, რომლებიც მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის ხელმღვანელობით 28 ივლისამდე ივარჯიშებენ და ავსტრიაში, ამ ქვეყნის გუნდთან ამხანაგური მატჩის გასამართად გადავლენ.
სლოვენიაში ვერ მიემგზავრება ვიქტორ სანიკიძე, რომელსაც ნაოპერაციები ფეხი ბოლომდე მორჩენილი არ აქვსევროპის ჩემპიონატამდე ფორმაში ჩადგომას ვერ მოასწრებს. სანიკიძის არყოფნა დიდი დანაკლისია და ამ თემას დღეს კალათბურთის ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე დიდი ყურადღება დაუთმო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ილიას ზუროსმა.
– ძალიან მიხარია, რომ კვლავ საქართველოში ვიმყოფები. ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა მუშაობა კარგა ხნის წინ დაიწყო, გუშინ კი კალათბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ახლა სლოვენიაში მივემგზავრებით, სადაც გენერალურ შეკრებას დავიწყებთ.
– ევროპის ჩემპიონატზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. თითოეული ნაკრების შემადგენლობაში, ისევე, როგორც ჩვენთან, შესაძლოა, არაერთი ცვლილება განხორციელდეს. ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. უფრო მეტის თქმა ტურნირის დაწყების წინ შეგვეძლება.
– სამწუხაროდ, გუნდს ვიქტორ სანიკიძე გამოაკლდა და ის ვერც ევროპის ჩემპიონატზე დაგვეხმარება. წლების მანძილზე სანიკიძე გუნდის ერთ-ერთი მთავარი იარაღი იყო და მას ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული, ამიტომ მისი სახით დიდი დანაკლისი განვიცადეთ. რამდენიმე მოსამზადებელი ტურნირს გავივლითა და ვეცდებით, დანაკლისი შევავსოთ.
– გუნდის შიგნით ეს თემა უკვე განვიხილეთ, თუ ვის შეუძლია ამ პოზიციის გამაგრება, მაგრამ ახლა გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ყველაფერი უახლოეს ამხანაგურ მატჩებში გამოჩნდება.
– ევროპის ჩემპიონატის დასრულებიდან მალევე იწყება მსოფლიოს ჩემპიონატი. კალათბურთელები, რომლებიც ვერ ითამაშებენ ევრობასკეტზე, არ ნიშნავს იმას, რომ არ ითამაშებენ მსოფლიო ჩემპიონატზეც. მინდა, გუნდში ბევრი კალათბურთელი მყავდეს და ბევრმა შეიგრძნოს ეს ატმოსფერო, შეეწყოს გუნდს.
– არ ვიცი, რა ჭორები ვრცელდება ნიკოლოზ ცქიტიშვილზე და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს. მე ის ვიცი, რომ წინა წელს გამოვიძახე, მაგრამ სამი დღის დაგვიანებით ჩამოვიდა და გვითხრა, რომ ნაკრებში თამაში არ უნდოდა, რადგან კლუბს ეძებდა. გავუგეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. ლოგიკურია, რომ ახლა აღარ გამომიძახებია და ახლა ამაზე საუბრის დრო არც არის.
– ზაზა ფაჩულია ჩვენი გუნდისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის NBA-ს ჩემპიონი გახდა და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს ბიჭებს ძალიან წაადგებათ. ეს ევროპის ჩემპიონატია, რთულ ჯგუფში ვართ და ყველა მოთამაშემ თავისი მაქსიმუმი უნდა გამოავლინოს.
– ზაზას ვესაუბრე და ის აგვისტოს დასაწყისში შემოგვიერთდება. ისე კი, მოთამაშეებს ხშირად ვუკავშირდები და არასაკალათბურთო თემებზეც ხშირად ვსაუბრობთ: გიორგი შერმადინს შვილი შეეძინა, ზაზაც ელოდება…
– ძალიან მახარებს, რომ ტანმაღალ მოთამაშეებს, ზაზა ფაჩულიას, თორნიკე შენგელიას, ბექა ბურჯანაძესა და გიორგი შერმადინს შესანიშნავი სეზონი ჰქონდათ. ბურჯანაძეს მუხლის ტრავმა ჰქონდა, რის გამოც ბოლოს აღარ თამაშობდა. 25 ივლისიდან ის ჩვენთან იქნება. ვიმედოვნებ, რომ ეს ბოლო ტრავმაა და მეტი არავინ დაშავდება. ჩვენთანაა მანუჩარ მარკოიშვილი, მისი დაბრუნებით ნაკრებს ხარისხი და ეფექტი დაემატა.
– იმის გამო, რომ ფეხზე ოპერაცია გადავიტანე, წელს საქართველოში იმდენჯერ ვერ ვიყავი, რამდენჯერაც – შარშან, თუმცა დავესწარი არაერთ მატჩს როგორც სუპერლიგაში, ისე – „ა“ ლიგაში. ჩემს თანაშემწეებთან მქონდა მჭიდრო კონტაქტი და ახლანდელი გაფართოებული შემადგენლობა დიდი დაკვირვების შედეგადაა შერჩული”.