„ჯარიმა ჩამოწიეს 2 500 ლარზე. იმაზე იყო აპელირება, რომ მას ჰყავს 4 შვილი და ამ 4 შვილს ჭამა უნდა, თუმცა მაგიდაზე 12 წლის ბავშვი რომ ეწვინა, მაშინაც უნდა ეფიქრა, რომ ისიც ბავშვი იყო“, – ასე გამოეხმაურა დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქმეზე ბრალდებულ ექსპერტს 2 500 – ლარიანი გირაო შეუფარდეს და თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ნატო ხუტაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილის გარდაცვალებაში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიც არის დამნაშავე, რომელმაც, მისი აზრით, აღებული ნიმუშები სათანადოდ არ დალუქა და შეინახა.
„ამ ბავშვის მკვლელი რომ ვიპოვო, მეტად ფრთხილი უნდა ვიყო, მეტად მონდომებული და სენსიტიური. დააობა ნიმუში და სადაც შეეძლო, არ აიღო, ჩათვალა, რომ ეს მას არ ევალებოდა.
თუ იყო ვინმე ვალდებული, მაშინ ის ვალდებული პირი იმ ღამეს უნდა მისულიყო. არ ევალებოდა და არ დალუქა მშრალ მდგომარეობაში ნიმუშები. ახლა რომ ამბობს, არ ვიცოდი გაშრებოდა თუ არაო. უნდა გაგეშრო და არ გაფუჭდებოდა. პასუხისმგებლობის წინაშე არ აღმოჩნდებოდი“, – განაცხადა ნატო ხუტაშვილმა.
ცნობისათვის, 17 მარტს, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმეზე სამხარაულის ბიუროს ექსპერტს ბრალი მტკიცებულებების დაზიანებისთვის ჰქონდა წაყენებული.
შეგახსენებთ, დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგო, 17 მარტს გამთენიისას გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი სახლიდან საღამო საათებში გავიდა, რის შემდეგაც ოჯახმა ბავშვის ძებნა დაიწყო. არასრულწლოვანი ბოლოს პეტრიწის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში საქანელაზე შენიშნეს. გამთენიისას კი მისი ცხედარი სკვერიდან მოშორებით აღმოაჩინეს. არაოფიციალური ცნობით, ბავშვს ძალადობის კვალი ეტყობოდა.
ამავე თემაზე: