„მე იმედი მაქვს, რომ პოლიტიკოსები ჯეროვან სამართლებრივ კონსულტაციას გაივლიან და კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას ან კანონს არ მიიღებენ,“ – ამის შესახებ იურისტმა, ლევან ალაფიშვილმა, „ფორტუნას“ საკანონმდებლო პაკეტის შესწორებული ვარიანტის შეფასებისას განუცხადა.
ალაფიშვილის თქმით, ე.წ. „გირგვლიანის შესწორებების“ ყველაზე კარგი და სწორი შემფასებელი საკონსტიტუციო სასამართლო იქნება, თუკი დაინტერესებული პირები საკანონმდებლო ორგანოს ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რომელიც, ალაფიშვილის თქმით, კონკრეტულ ქმედებაზე შეიძლება იყოს ორიენტირებული.
„როგორც კონსტიტუციასთან, ასევე კანონთან ამგვარმა გადაწყვეტილებამ შეიძლება, კონფლიქტი გააჩინოს. საკანონმდებლო აქტის მიღება, რა თქმა უნდა, პარლამენტის კომპეტენციაა, რომელიც პოლიტიკოსებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ პოლიტიკოსები თავიანთ გადაწყვეტილებებში კანონით, უპირველეს ყოვლისა, კი კონსტიტუციით არიან შეზღუდულნი. კონკრეტული კანონის მიღების დროს, თუკი პოლიტიკოსები კონსტიტუციის მიღმა საკუთარი პოლიტიკური ზრახვების რეალიზებას მოახდენენ, ამისთვის პოლიტიკოსებზე კონტროლის ორგანო არსებობს, რომელსაც სახელად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ჰქვია. უახლოეს წარსულს რომ გადავხედოთ, არაერთი გადაწყვეტილება გვინახავს, როდესაც, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მათი ეს გადაწყვეტილება გაუუქმებია,“ – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მოამზადებს, მიზნად სსკ-ის იმ ნომრების გამკაცრებას ისახავს, რომლებიც მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გამოძიებისათვის ხელის შეშლას ეხება. ამის შესახებ პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დღეს მამუკა მდინარაძემ განაცხადა და ინიციატივის მიღება „სააკაშვილის და მარგველაშვილის შეთანხმებულმა განცხადებებმა განაპირობა.“