“სამწუხაროდ, არ გვიღებს ნატო, გვეუბნება, კარი ღიაა, მაგრამ არ გიღებთ, მზად ვართ პარტნიორობისთვის, მაგრამ არ გიღებთ როგორც სრულფასოვან წევრს, ბოლოს და ბოლოს ამის გაცნობიერება ძნელია?”- ამის შესახებ ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას მოუსმინეს.
“თუ ამას ხელისუფლება აცნობიერებს და ისევ იმ რიტორიკას განაგრძობს, რომ წითელი ცხვირსახოცი რუსეთს უფრიალოს, ეს ძალიან ცუდია, ამ ომს ვერ მოვიგებთ. და თუ ვერ აცნობიერებთ, მაშინ კიდევ სხვა პრობლემასთან გვქონია საქმე, უმეცრების პრობლემასთან და არ მინდა, ვინმეს ეს შეურაცხყოფა მივაყენო.
ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიდეთ ჩარჩოებიდან, დაკომპლექსებული წრიდან, სადაც განსხვავებულ კონცეფციასა და იდეებზე ლაპარაკი, აფხაზებთან და ოსებთან შერიგებაზე ლაპარაკი თურმე ქვეყნის მოღალატეობა ყოფილა. ყველას მოგიწოდებთ, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი დააღწიეთ წინა რეჟიმის იდეოლოგების წნეხს, უნდა გავხსნათ ჩვენი ფორმატები, შევქმნათ ახალი ფორმატები, მაგალითად, საქართველო-ნატო-რუსეთი, რომელზეც ვლაპარაკობთ. უნდა ვიმუშაოთ აქტიურად, ბრძნულად, საღად, რათა ავიცილოთ რუსეთთან ახალი ომის საფრთხე თავიდან“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
როგორც ინაშვილმა განაცხადა, კონკრეტული განცხადებებიდან გამოტანილი ანალიზია ის, რომ საქართველო ძალიან ახლოს დგას რუსეთთან ახალი ომის საფრთხის წინაშე.
„კიდევ ვამბობ, ეს არ არის ჩემი ვარაუდი, ეს არის კონკრეტული განცხადებებიდან გამოტანილი ანალიზი, ღიად აკეთებენ ამ განცხადებებს, ძალიან ახლოს ვდგავართ რუსეთთან ახალი ომის საფრთხის წინაშე. სამწუხაროდ, ვერ მოვისმინე დღეს, ბატონო მინისტრო მკაფიო და შეიძლება ბევრი რამ აქ არც ითქმება, მაგრამ მკაფიო პოზიცია, მზად ხართ თქვენ ამისთვის? დღეს არც ერთი განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანა არ ლაპარაკობს იმაზე, რომ ომისთვის მზად არის. მშვიდობისთვის უნდა ვიყოთ მზად, სამშვიდობო პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ და არ უნდა ვიყოთ მარადიულად მოქცეული ბოკერიების იდეოლოგიის წნეხის ქვეშ, რომლებიც თვითონ მოღალატეები ყველას მოღალატედ აცხადებენ, ვისაც სამშობლო უყვარს, ეს ხალხი ჩააბარეს პირველ რიგში სამშობლოს. ჩაუბარებია ერთხელ და კიდევ გააკეთებენ.დღეს რომ ომი დაიწყოს, მე მაინტერესებს, ამ დარბაზში რა მოხდება და საერთოდ, ქვეყანაში რა მოხდება, ჩვენი სამშობლოს დასაცავად ვინ წავა. ამაზე ვიფიქროთ, კარგი იქნება და არა რაღაც ბუნდოვან, აბსურდულ რიტორიკაზე, რასაც ხშირად აქვს ხოლმე ადგილი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.