ცნობილი მოქანდაკე ირაკლი ჟვანია ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ჟვანია აღნიშნავს, აღნიშნული ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა.
“ტუმბოების მიწიდან ამოღებით და აუზში ჩადებით, მოაჯირის და აკრძალვის მოხსნით შექმნეს ის რისკ-ფაქტორი, რამაც ეს ტრაგედია გამოიწვია,” – აღნიშნავს ირაკლი ჟვანია და სოციალურ ქსელში ინფორმაციას გვიზიარებს.
“შადრევანზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მინდა ერთი აზრიც გაგიზიაროთ და ამითი მოვრჩეთ…
ერთმა-ორმა ჩემი ინფორმაციები, რომელიც ეხებოდა ამ ფაქტს, შეაფასა რევანშისტულ გამოსვლად, ერთმა-ორმა ნაკლებად ჭკვიანმაც ალბათ ისიც იფიქრა, არ მისცეს გასაკეთებლად და იმიტომ ხმაურობსო…
მინდა განვმარტო: ამ ინფორმაციების მიწოდება საზოგადოებაზე მხოლოდ იმიტომ ვიფიქრე, რომ ამეხსნა –
ეს ტრაგედია შეიძლებოდა არ მომხდარიყო.
უბედური შემთხვევა ჰქვია ისეთ ფაქტს, რომელიც მართლაც და მოწმენდილ ადგილას ხდება. უბედური შემთხვევაა როდესაც ქუჩაში თავში ხე ან მეხი დაგეცემა, ან ელექტრო კაბელს ქარი მოწყვიტავს და დენი დაარტყამს ადამიანს. მაგრამ როდესაც რაღაცას აკეთებ ისე რომ წინაპირობას ქმნი რომ ასეთი რამ მოხდეს, ეს სხვა რამეა. ვიღაცა იტყვის, რა იყო წინაპირობა, რა, დენი სხვაგან არ გადასულა და ტრაგედია არ მომხდარაო…გადასულა. ტექნიკური აპარატურა ისეთი რამეა, შეიძლება გაფუჭდეს, ბევრად სერიოზული აპარატურა გამოსულა მწყობრიდან ვიდრე ის რელე. აქ საქმე არა რელეშია, არამედ იმაში, რომ ამ შადრევანში ბავშვების ჩასვლა კატეგორიულად არ შეიძლებოდა და ეს ფაქტორი დაიკიდეს იმათმა, ვინც მოხსნა მოაჯირი და ჩასვლის უფლება მისცა ბავშვებს. აქაც მომიწევს შედარების მოყვანა, რამდენიც არ უნდა არ მოეწონოთ ინტრიგანებს : ჩვენამდე მაგ შადრევანს უვლიდა სხვა კომპანია, 2014-15წწ უკვე ჩვენ ჯერ შევაკეთეთ, შემდეგ ორი წელი ვუვლიდით. მთელი დღის განმავლობაში გვეყენა მომვლელი ბატონი თემური, რომელიც აკონტროლებდა რომ წყალთან არავინ არ მისულიყო ახლოსაც კი. როდესაც აუზს ვრეცხავდით, წყალს ჯერ ვცლიდით და ისე შედიოდნენ ჩვენები აუზში. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ტუმბოები ჩვენ მიწაში გვეყენა და დენის გადატანის მინიმალური რისკი იყო.
ამათმა ტუმბოები მიწიდან ამოიღეს, წყალში ჩადეს და თან მოაჯირი მოხსნეს, თავისუფლად შეუშვეს წყალში ბავშვები. ამითი 100% გაზარდეს უბედური შემთხვევის რისკი.
არაერთი პოსტი შემხვდა, სადაც ყვიროდნენ რომ შადრევანი იმისაა, რომ იქ იხტუნაოს ვისაც უნდა. არაა ასე. რომში ტრევის შადრევანში გაკარებაც კი 450 ევრო ჯარიმა ღირს. ასეა დიდ შადრევნებში სხვა ქვეყნებში. დუბაიში დიდ შადრევანში ჩასვლაზე უდიდესი ჯარიმაა.
ეს სწორია იმიტომ, რომ იქ სადაც ძლიერი ჭავლებია, ბავშვების ჩასვლა არ შეიძლება. გუშინ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ვაკის შადრევანში ჩასულ ბავშვს წყლის ჭავლი როგორ ხვდება და ხელს იფარებს. ეს არის ელემენტარული ანა-ბანა, რომელიც უნდა სცოდნოდა იმას, ვინც ეგ შადრევანი “გაალამაზა”. ისიც უნდა სცოდნოდა, რომ კაბელები ასე არ უნდა ეყაროს აუზში, რომ შადრევნის ისტორიული იერსახე შუა ნაწილში არ უნდა დაამახინჯო უჟანგავი “ტრუბებით”. მოკლედ რომ ვთქვათ,
ტუმბოების მიწიდან ამოღებით და აუზში ჩადებით, მოაჯირის და აკრძალვის მოხსნით შექმნეს ის რისკ-ფაქტორი, რამაც ეს ტრაგედია გამოიწვია.
ოდნავ განათლებული ხალხი რომ ყოფილიყო ამ საქმეში ჩართული, ეს არ მოხდებოდა.
კახა კალაძეს მკვლელი უწოდო იდიოტი უნდა იყო. კალაძეს არც ის ტუმბო ჩაუდგამს იქ და არც ის რელე დაუყენებია. რასაკვირველია ადამიანურად ისევეა განადგურებული როგორც ჩვენ ყველა, შეიძლება ჩვენზე მეტადაც იმიტომ რომ მაგისმა ხელქვეითებმა ჩაატარეს ეს პროცესი, რომელიც ასე დამთავრდა. ამასთან ერთად კალაძემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რატომ ჰყავს ასეთი ხალხი გარშემო, რატომ გაყარეს მერიიდან ვინც კი რაიმეში ერკვეოდა, რატომ იღებენ გადაწყვეტილებებს ჩვენი სახელით ჩვენი ფულით და ჩვენს ქალაქში ისე, რომ არავის არაფერს არ ეკითხებიან.
ეს მგონია რომ სწორი პრეტენზიაა. ახლა ვიღაცა იფიქრებს, თავის თავზე ამბობსო. არა, ბატონო ინტრიგანო. სხვებზე ვამბობ, ვისაც ჭკუა ეკითხება. ნურც იმას იფიქრებ, ბატონო ინტრიგანო, ამას არ მისცეს და ამდენს იმიტომ ლაპარაკობსო. მე ღმერთმა იმაზე მეტი მომცა, რისი ღირსიც ვიყავი. ამიტომ წყნარად ვარ. უბრალოდ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, 27 წლის ვიყავი პირველი შადრევანი რომ გავაკეთე…ესაა და ეს. და განადგურებული ვარ იმისაგან, რაც მოხდა. თავს ისე ვგრძნობ, გეგონება დამნაშავე ვარ ამ საშინელებაში რაღაცნაირად…
ესაა რაც მინდოდა მეთქვა. არც ერთ ტელევიზიაში არ წავსულვარ მიუხედავად იმისა, რომ გახეთქეს ტელეფონი ორი დღეა, პოპულიზმი და ბოღმა არ გვინდა. უბრალოდ ემოციები გვაწვება და აქ მაინც ვთქვათ სათქმელი.
ესაა რაც მინდოდა მეთქვა ამ ფაქტზე და დავასრულეთ ამითი,” – წერს ირაკლი ჟვანია.