დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში ჩვენი 4 თანამოქალაქე იმყოფება – დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ახლო მომავალში გვექნება საშუალება, რომ ოჯახებს ვამცნოთ გარკვეული პოზიტიური ამბავი მათ ბედთან დაკავშირებით , – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ანთაძის თქმით, შეხვედრაზე ე.წ. ბორდერიზაციის საკითხი განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.
„ე.წ. ბორდერიზაცია არის ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი. თითოეული ინციდენტი განვიხილეთ. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა აქტიური პროტესტი და მიუღებლობა, ვინაიდან, ეს პროცესი ლახავს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და ყოველდღიური რისკის ქვეშაა მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ოპონენტების პოზიცია ცნობილია საზოგადოებისთვის და ძირეული პროგრესი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ამის მიუხედავად ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ ძალისხმევას, რათა ეს პროცესი, რომელიც უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას, იქნას შეჩერებული და შეიცვალოს ჰუმანიტარული მიდგომებით, რაც არსებითად გააადვილებს მათ ცხოვრებას.
2022 წლის აგვისტოდან დაწესებულია 10-დღიანი რეჟიმი, როდესაც ოკუპირებული ახალგორისა და ასევე, ოკუპირებული ჯავის რაიონიდან მოსახლეობას საშუალება აქვთ, გადმოვიდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენი პერმანენტული გზავნილი და მყარი პოზიცია არის ის, რომ თავისუფალი გადადგილება არ არის პრივილეგია, რომლითაც მხოლოდ ცალკეული პირები უნდა სარგებლობდნენ. ეს არის ადამიანის განუყოფელი უფლება და შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, დავარწმუნოთ ფორმატის მონაწილეები, როგორც ამ შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებზე, რათა აღნიშნული ჰუმანიტარული პრინციპი გავრცელდეს ყველა პირზე განურჩევლად იმისა, საოკუპაციო ხაზის რომელ მხარეს ცხოვრობს“,- განაცხადა ანთაძემ.
რაც შეეხება ფორმატში მონაწილე მეორე მხარის პოზიციებს, ანთაძემ აღნიშნა, რომ მათი მთავარი უკმაყოფილების საგანი კვლავ ჩორჩანასთან მდებარე სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოა, თუმცა, როგორც ის ამბობს, აღნიშნული საპოლიციო საგუშაგო „სტაბილურობის ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორია“.
„მათი მთავარი უკმაყოფილების საგანი კვლავ გახლავთ ჩორჩანასთან მდებარე სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო, თუმცა ვერანაირი მყარი არგუმენტი თუ რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ეს საგუშაგო მოსახლეობისთვის, ვერ იქნა წარმოდგენილი. მათი პოზიცია არის უცვლელი და ასევე, ცენტრალური ხელისუფლების პოზიციაც აღნიშნულ საკითხზე უცვლელია, ვინაიდან, აღნიშნული საგუშაგო მდებარეობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – განაცხადა ანთიძემ.