პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მის საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას, რაც ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
“მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ალიანსთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც საქართველო ეფექტიანად იყენებს გაწევრიანების გზაზე არსებულ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი როგორც ალიანსის, ასევე პარტნიორი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერას და მათთან მჭიდრო თანამშრომლობას. დადებითი შეფასება მიეცა ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს.
გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც ალიანსის მტკიცე და სანდო პარტნიორის როლი და მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია როგორც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის მისწრაფებების პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ნატოს მადრიდის სამიტის მოსამზადებელი საკითხები და მოლოდინები:
“საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკრაინის ომს, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინელი ხალხის მიმართ.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
საქართველოს პრემიერმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა პირადი ძალისხმევისთვის და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში არსებითი როლის შესრულებისთვის”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
სტოლტენბერგისა და ღარიბაშვილის შეხვედრის გაუქმების შემდეგ განახლება პირდაპირი გაფრთხილებაა: ვაშაძე