„მზად ვართ, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და უფრო მეტიც, მზად ვართ, ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დროს განაცხადა.
ირაკლი კობახიძის სიტყვებით, ორ ქვეყანას შორის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საელჩოების დონეზე. მისივე თქმით, ბოლოდროინდელი ცვლილებები საბოლოო ჯამში ურთიერთობების გადატვირთვას შეუწყობს ხელს.
„რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება გავაკეთეთ. ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და უფრო მეტიც, მზად ვართ, ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს.
ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საელჩოების მიმართულებით, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დაინიშნა საქართველოს ელჩი აშშ-ში. ვფიქრობთ, რომ ბოლოდროინდელი ცვლილებები საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას და იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.