LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ირანი უკრაინაში მეომარ მხარეებს იარაღს არ უგზავნის, ომის დასრულება სურს“ – ირანის საგარეო უწყება

55
ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი

CNN-ის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი უარყოფს, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თეირანმა მოსკოვს უკრაინაზე თავდასხმის განსახორციელებლად უპილოტო დრონები მიაწოდა.

როგორც გამოცემა იუწყება, მიუხედავად რუსეთთან თავდაცვის შესაძლებლობებზე თანამშრომლობისა, ამირაბდოლაჰიანმა ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატთან, ჯოზეფ ბორელთან  სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ ირანი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს.

„თეირანის პოლიტიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა“, – უთხრა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ის პოსტში, სადაც აღნიშნული საუბარი ქვეყნდება, ასევე ნათქვამია, რომ „ირანი არ უგზავნის იარაღს უკრაინაში მეომარ მხარეებს და სურს ომის დასრულება და ხალხის გადაადგილების დასრულება.“

ამავე ინფორმაციის თანახმად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკა ცდილობს, უკრაინაში საომარი მოქმედებები დიპლომატიური გზით შეაჩეროს და ევროპელებს ურჩევს, ამ საკითხს რეალისტური მიდგომით შეხედონ.

ცნობისთვის, რომ ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვას მანამდეც უარყოფდა, თუმცა უკრაინის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციების თანახმად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე არაერთი რუსეთის მიერ ნასროლი ირანული დრონი ჩამოაგდეს.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთმა ირანული საბრძოლო დრონები ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში შეიძინა და მას შემდეგ უკრაინაში აქტიურად იყენებს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

ამავე თემაზე:

ოლექსი დანილოვი: უკრაინელი მებრძოლები ირანული დრონების 85-90%-ს ანადგურებენ

თეთრი სახლი: ირანი რუსეთისთვის კიდევ უფრო მეტი იარაღის მიყიდვას განიხილავს – იმ შეჭრის მხარდასაჭერად, რომელსაც როგორც თავად ამბობენ, ეწინააღმდეგებიან

უკრაინა გაეროს ექსპერტებს იწვევს უპილოტო საფრენი აპარატების გამოსაკვლევად

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g