LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ირიაოს“ ტრიუმფი ჯანსუღ კახიძის ცენტრში (ფოტო + ვიდეო)

338

ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი წელს ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“ კონცერტით გაიხსნა. ანსამბლი რამდენიმე წელია, რაც ქართულ მუსიკალურ სივრცეში მოღვაწეობს, დავით მალაზონიას ხელმძღვანელობით. პიანისტი და კომპოზიტორი წლების განმავლობაში საქართველოს საზღვრებს გარეთ მუშაობდა, გარკვეული პერიოდის წინ კი სამშობლოს დაუბრუნდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გააკეთა, რომელთა შორის „ირიაოს“ გამორჩეული ადგილი უკავია.

ამ დრომდე ანსამბლი საზღვარგარეთ უფრო მეტ კონცერტს მართავდა, ვიდრე საქართველოში. ახლა კი სიტუაცია შეიცვალა და „ირიაოს“ თბილისშიც მოისმენთ სხვადასხვა სივრცეში, რაც, პირველ რიგში, ქართველი მსმენელისთვისაა მნიშვნელოვანი. სხვა დროს სად მოისმენთ დავით მალაზონიას მიერ ეთნოჯაზ სტილში შექმნილ ახალ მუსიკალურ ნომრებს, რომელთაც გამორჩეული მუსიკოსები ასრულებენ.

„ირიაოს“ თავისი პროგრამა არასდროს წარუდგენია ორკესტრთან ერთად და ამისი შესაძლებლობა ვახტანგ კახიძემ მისცა, როდესაც მათთან ერთად კონცერტის გაკეთების იდეა გაუჩნდა. მის მიერ დაარსებული ფესტივალის იდეა ისაა, რომ სხვადასხვა მუსიკოსი მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად უნდა წარდგეს. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს თანამშრომლობა ჰარმონიულად შედგა.

სპეციალურად ამ კონცერტისთვის რამდენიმე ახალი კომპოზიცია შეიქმნა. მაყურებლის წინაშე ჯგუფთან ერთად წარდგა სოფო გელოვანი, რომელმაც ორი დუეტი და ერთი სოლოსიმღერაც შეასრულა.

რაც შეეხება თავად ანსამბლს, მათი გამოსვლა მაყურებლისთვის იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ კონცერტის ბოლოს, მათი სცენიდან გაშვება არ სურდა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა როგორც ორკესტრი, რომელმაც არაჩვეულებრივად შეასრულა ყველა ნაწარმოები, ასევე ჯგუფის წევრები.

ფესტივალის მხარდამჭერი გახლავთ საქართველოს კულტურის სამინიტრო. მიხეილ გიორგაძე კონცერტს ესწრებოდა და მის ბოლოს „ფორტუნასთან“ საუბრისას აღფრთოვანება ვერ დამალა.

მიხეილ გიორგაძე:

ვარ აღფრთოვანებული, პირველად არა, ადრეც მომისმენია ეს ანსამბლი, მაგრამ ორკესტრთან ერთად პირველად წარადგინეს საკუთარი პროგრამა. თქვენ თავადაც ნახეთ, როგორი რეაქცია ჰქონდა დარბაზს. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავუხდი არტისტებს და წარმატებებს ვუსურვებ. ვატო კახიძეს მინდა მადლობა გადავუხადო ასეთი საინტერესო, ხანდახან თავისი ხასიათით, ექსპერიმენტული პროექტებისთვის. ბუნებრივია, ჩვენ ვუჭერთ მხარს ამგვარ პროექტებს. ამ ფესტივალის ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერია კულტურის სამინიტრო.

ვახტანგ კახიძე:

ეს ჯგუფი მომწონს. დათო ჩემი დიდი ხნის მეგობარია, ჯერ კიდევ „ადიოდან“ მოყოლებული. ვიცი მისი მიმართულება და თვალს ვადევნებ მის ნამუშევრებს. აქედან გაჩნდა ჩვენი თანამშრომლობის იდეა, ოღონდ იმ პირობით, რომ გაჩნდებოდა ორკესტრობები. ორი თვის განმავლობაში დათო ჩაფლული იყო და აკეთებდა ამ ყველაფერს. შეიძლება, ბევრმა არ იცის, მაგრამ ძალიან რთულ პირობებში უწევდა მუშაობა, დედა გარდაეცვალა… დიდი პროფესიონალიზმით გაართვა თავი. ეს იყო პრემიერა, რადგან ორკესტრთან ერთად „ირიაოს“ კომპოზიციები არასდროს გაჟღერებულა.

არაჩვეულებრივი მუსიკოსები არიან. აქ მხოლოდ ტექნიკასა და დაკვრის სიზუსტეზე არ არის ლაპარაკი, არამედ იმაზე, როგორ გრძნობენ მუსიკას და როგორ აქვთ გამჯდარი ეს ყველაფერი, აღარაფერს ვამბობ ვოკალისტებზე, ეს ბიჭები ვირტუოზები არიან… ძალიან სასიამოვნო იყო მათთან თანამშრომლობა, მინდა მივულოცო თითოეულ მათგანს (იღიმის).

დავით მალაზონია:

ყველას ვეუბნები, რომ ეს არის ახალი ეტაპი „ირიაოს“ შემოქმედებაში, ორკესტრთან პირველად მოვსინჯეთ ჩვენი რეპერტუარი. მადლობა ვატო კახიძეს, ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა…

„ირიაოს“ კონცერტით, როგორც მოგახსენეთ, ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. შემდეგი კონცერტები, ფესტივალის ფარგლებში, თბილისის სიმფონიურ ორკესტრს, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, ბობ ჯეიმსის ტრიოსთან, „The Real Group“-თან და პატი ოსტინთან ერთად ექნება. რაც შეეხება „ირიაოს“, მათ უკრაინაში ჯაზფესტივალზე ელოდებიან, კონცერტი 29 მაისს შედგება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g