ირლანდიაში მდებარე პოპულარულ პაბს McLoughlin’s Bar ბოლო 155 წლის განმავლობაში ერთი ოჯახი მართავდა, თუმცა ამჟამინდელი მეპატრონე ჯოზეფ მაკლოჰლინი, რომელიც მეპატრონეთა მეოთხე თაობას წარმოადგენს, იძულებული გახდა ახალი მფლობელის ძებნა დაეწყო. თუმცა, არსებობს ერთი ნიუანსი, პაბის შეძენა მხოლოდ მის მოგვარეს შეუძლია, წერს Adweek-ი.
ჯოზეფმა, რომელმაც პაბს 43 წელი მიუძღვნა, პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა, თუმცა ოჯახური დაწესებულების შენარჩუნება მაინც პრიორიტეტია. „არ მინდა იმის ნახვა, თუ როგორ იკარგება ჩვენი სახელი ისტორიაში. გვარი მაკლოჰლინი ამ პაბის არსშია ჩაქსოვილი, – ამბობს ჯოზეფი. – თუკი მეცოდინება, რომ პაბის სახელი 155 წლის შემდეგაც იგივე იქნება, ბედნიერი მოვკვდები.“
ჯოზეფი პაბის მეორე სართულზე დაიბადა და როდესაც მშობლები გარდაეცვალა, მმართველობის სადავეები თავის ხელში აიღო. იმის გამო, რომ ჯოზეფის ნათესავები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოიფანტნენ, ის შთამომავლის გარეშე დარჩა.
ჯოზეფის დახმარება გადაწყვიტა ლუდსახარშმა Heineken-მა და მისი რეკლამა მთელ მსოფლიოში გაავრცელა, რათა კაცს მოგვარის პოვნაში დაეხმაროს. სარეკლამო აბრა უკვე გამოჩნდა აშშ-ს, ავსტრალიის და ვიეტნამის ქუჩებში.
საინტერესოა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ირლანდიური წარმომავლობის 88 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.