ირლანდიაში, ქალაქ კილარნის ქუჩის მუსიკოსებს ერთი და იმავე სიმღერების შესრულება კანონით აეკრძალათ. რეპერტუარის ერთფეროვნებაზე ადგილობრივებმა იჩივლეს, წერს The Mayor.
ახალი წესების მიხედვით, ქუჩის ყველა მუსიკოსი ერთ ადგილას გაჩერებას მხოლოდ ორი საათი შეძლებს. ამის შემდეგ შემსრულებლებმა მინიმუმ 50 მეტრი მაინც უნდა გაიარონ, რათა წარმოდგენა განაგრძონ. გარდა ამისა, ხმაურის დონემ 80 დეციბელს არ უნდა გადააჭარბოს.
ამასთან, ქალაქში ყურადღებით დააკვირდებიან იმასაც, რომ ქუჩის მუსიკოსების სიმღერებში რასისტული, შეურაცხმყოფელი და მიუღებელი ტექსტები არ იყოს.
კანონდამრღვევებს 75 ევროთი დააჯარიმებენ, ხოლო იმ შემსრულებლებს რომლებიც სასამართლოს წინაშე წარდგებიან, შესაძლოა 1,5 ათასი ევროს გადახდაც მოუწიოთ.
ევროპული ქალაქები ქუჩის მუსიკის ხარისხის გაუმჯობესებას აქტიურად ცდილობენ. მაგალითად, ბრიუსელში მთელი კასტინგი ჩაატარეს, რათა ის შემსრულებლები გამოევლინათ, ვინც მეტროში იმღერებდა.