ირმა ინაშვილის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ხუთ პარტიასთან ერთად ბლოკს ქმნის. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ბლოკში შემდეგი პარტიები არიან გაერთიანებული: ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, კახა კუკავას პარტია ”თავისუფალი საქართველო”, კონსტანტინე გამსახურდიას პარტია ”თავისუფლება”, აკაკი ასათიანის ”ტრადიციონალისტთა კავშირი”, გოჩა ჯოჯუას “ახალი ქრისტიან-დემოკრატები” და გია ბერძენაძის ”ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”.
საარჩევნო ბლოკის სახელწოდება ”დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია” იქნება.
”ჩვენ იმიტომ შევქმენით ეს საარჩევნო ბლოკი, რომ ქვეყანაში არის უთანასწორო და უსამართლო საარჩევნო გარემო. ”ქართულმა ოცნებამ” არ შეცვალა ის კანონმდებლობა, რაც სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა. ასეთ უთანასწორო პირობებში ჩვენ, ჩვენი მოთხოვნები ჩამოვაყალიბეთ და მივმართეთ ხელისუფლებას. ერთ-ერთი მათგანი ითვლისწინებდა იმ გამგებლებისა და პოლიციის უფროსების სისხლის სამართლებრივ დასჯას, რომლებიც დგანან საარჩევნო უბნების წინ და ამომრჩევლებს პირდაპირ თუ ირიბად აშინებენ. ამის ნაცვლად, ხელისუფლება იწყებს იმ კანონის მიღებას, რომლის თანახმადაც, თუ ჩვენ ასეთ გამგებელს საარჩევნო უბნის წინ გადავეყრებით და მასთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოგვივა, უკვე ჩვენ დაგვაპატიმრებენ. ეს ყველაფერი არის შეუთავსებელი”, – განაცხადა ინაშვილმა.