9 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრება 100%-ით გაძვირდა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი ოთარ აბესაძე წერს. როგორც აბესაძე ამბობს, ის რასაც დღეს შეიძენთ საქართველოში 1256 ლარით, ზუსტად იგივე პროდუქტი და მომსახურება გიჯდებოდათ 2012 წელს 650 ლარი.
„ძალიან მარტივად და ადამიანურ ენაზე რომ ავხსნათ: დღეს 2021 წლის ივნისში რა პროდუქტს და მომსახურებასაც შეიძენთ საქართველოში არსებული ოფიციალური საშუალო ხელფასით (1256.2 ლარი) ზუსტად იგივე პროდუქტი და მომსახურება გიჯდებოდათ 2012 წელს 650 ლარი. 9 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრება 100%-ით გაძვირდა“, – წერს ოთარ აბესაძე.
შეგახსენებთ, საქსტატის მიერ გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით (53.5 ლარით) გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგინა.
საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 448.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 5.7 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 159.8 (გაიზარდა 14.4 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 798.9 ლარი (გაიზარდა 0.2პროცენტით); მშენებლობა – 1 664.5 ლარი (შემცირდა 2.3 პროცენტით).