ისლამური სახელმწიფო ევროპის ჩემპიონატის დროს ინგლისისა და რუსეთის ნაკრებებს შორის მატჩისას თავდასხმას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს.
მატჩი ქალაქ მარსელში 11 ივნისს გაიმართება.
იგეგმება თვითმკვლელი ტერორისტების, ქიმიური იარაღით სავსე ე.წ. დრონებისა და სხვა იარაღის გამოყენება. შესაბამისი ინფორმაცია პოლიციამ პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილის, სალაჰ აბდესლამის კუთვნილ „ლეპტოპში“ აღმოაჩინა, სადაც აღნიშნულია, რომ სამიზნე ინგლისელი გულშემატკივრები უნდა გახდნენ.
აბდესლამი დაკავებულია, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ მისი გეგმები ტერორისტის თანამოაზრეებმა განახორციელონ.
ცოტა ხნის წინ ვწერდით, რომ საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატის დროს დრონების საწინააღმდეგო პროგრამა შეიმუშავეს.
საფრანგეთის ხელისუფლებამ მთელი რიგი ზომები მიიღო, რათა საჰაერო სივრცის უსაფრთხოება უზრუნველყოს და ევრო-2016-ზე დრონების გამოყენება თავიდან აიცილოს.
სტადიონებზე, სადაც მატჩები გაიმართება და მონაწილე გუნდების საწვრთნელ ბაზებზე საჰაერო სივრცე დაიხურება.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა უკვე ივარჯიშეს განეიტრალების სპეციალურ პროგრამაზე, რათა წინ აღუდგნენ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საფრთხეს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის პირველობა 10 ივნისს გაიხსნება და ერთს თვეს გასტანს. მატჩები საფრანგეთის 9 ქალაქში გაიმართება.