LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისნის მიმდებარედ ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

127
63546575

ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების კუნძულების მოწყობას, მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარედ ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 7 აპრილის 22:00-დან 10 აპრილის 06:00 საათამდე გაგრძელდება.

სამუშაოების პერიოდში ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მძღოლები იმოძრავებენ მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით. ავლაბრის მოედნიდან მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი კი ქეთევან დედოფლის გამზირიდან გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, ნავთლუღის ქუჩის მიმართულებით.

მეტროსადგურ „ისნიდან“ ავლაბრის მოედნისკენ მიმავალი მძღოლები ქეთევან დედოფლის გამზირზე იმოძრავებენ მხოლოდ პირდაპირ, ან გამოიყენებენ ალტერნატიულ მარშრუტს – ქეთევან დედოფლის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით გადაადგილდებიან ვაჟა ჩაჩავასა და აწყურის ქუჩების გავლით, შემდეგ კი, კახეთის I შესახვევიდან მარცხნივ მოხვევით, დაუკავშირდებიან ნავთლუღის ქუჩას.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მოსკოვის გამზირიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქეთევან დედოფლის გამზირიდან გადაინაცვლებს ვაჟა ჩაჩავას ქუჩაზე, შემდეგ კი აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების გავლით, კვლავ დაუკავშირდება ქეთევან დედოფლის გამზირს და შემდეგ, გზას დადგენილი მარშრუტის შესაბამისად გააგრძელებს.

ავლაბრის მოედნიდან მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ლეხ კაჩინსკის ქუჩის გავლით, შემდეგ მარჯვნივ მოხვევით, გადაინაცვლებს აწყურის ქუჩაზე, გაივლის ვაჟა ჩაჩავას ქუჩას, გადაჭრის ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს და მარცხნივ მოხვევით, გზას დადგენილი მარშრუტით გააგრძელებს ქეთევან დედოფლის გამზირზე.

ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მოძრაობს დიდი და პატარა ლილოს, ნავთლუღი 2-ისა და აფრიკის დასახლებებისა, ასევე, სოფელ წინუბნისკენ, მეტროსადგურ „ისანთან“ არსებულ გზაჯვარედინზე მარცხნივ მოხვევით, ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმართულებით გადაადგილდება, რის შემდეგაც, გზას არსებული სქემით გააგრძელებს.

შეზღუდვის პერიოდში, N371 ავტობუსი კახეთის გზატკეცილიდან აწყურის ქუჩის გამოყენებით იმოძრავებს, შემდეგ, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გავლით, დაუკავშირდება ნავთლუღის ქუჩას და მოძრაობას უკვე დადგენილი სქემით შეძლებს.