LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ვაქცინის მეოთხე დოზა ანტისხეულების დონეს 5-ჯერ ზრდის

129
1

მართალია, ისრაელში ვაქცინის მეოთხე დოზა გარკვეული ასაკობრივი კატეგორიისთვის სულ რამდენიმე დღის წინ დაუშვეს, თუმცა ორმაგი ბუსტერის ეფექტიანობაზე მტკიცებულებები უკვე არსებობს.

ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოვიდვაქცინის მეოთხე დოზა 5-ჯერ ზრდის ანტისხეულების დონეს.

წინასწარი კვლევის შედეგებზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტიმ ისაუბრა.

“მეოთხე დოზის მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში, უფრო დარწმუნებით ვიცით, რომ მეორე ბუსტერ-დოზა უსაფრთხოა.

მეორე სიახლე: ჩვენ ვიცით, რომ მეოთხე დოზის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ, ვაქცინირებულ ადამიანში ანტისხეულების რაოდენობა ხუთჯერ გაიზარდა”, – განაცხადა ბენეტმა შებას სამედიცინო ცენტრში, სადაც ვაქცინის მეორე გამაძლიერებელ დოზას, ცდის ფარგლებში, თანამშრომლებს უკეთებენ.

წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, ისრაელში აცხადებენ, რომ მეოთხე დოზის ეფექტიანობა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეამცირებს შემთხვევების, ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე დაავადებების რიცხვს.

შეგახსენებთ, ისრაელი იყო ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც 2020 წლის მიწურულს საკუთარი მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო; ისრაელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კოვიდვაქცინების ეფექტიანობის შესწავლაში და იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მესამე, ბუსტერ-დოზის გამოყენება დაიწყო.

ახლა ისრაელში მეოთხე, ორმაგი ბუსტერ-დოზის გაკეთება უკვე ნებადართულია 60 წელს ზემოთ მყოფი და სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის, ასევე ჯანდაცვის მუშაკებისთვის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში კი ფიქრობენ, რომ მსოფლიოში უფრო მეტი ადამიანი უნდა იყოს ვაქცინირებული პირველი დოზებით, სანამ სხვები ბუსტერ-დოზებით აიცრებიან.

mazda magti 5g