იტალიაში ინოვაციურ პროექტზე მუშაობენ, რომელიც რკინიგზის ინფრასტრუქტურას განახლებადი ენერგიის წყაროდ აქცევს. ინიციატივა ითვალისწინებს მზის პანელების ლიანდაგებს შორის განთავსებას, რაც ელექტროენერგიის გამომუშავების საშუალებას მისცემს ისე, რომ მატარებლების მოძრაობას ხელი არ შეეშალოს.
პროექტის მიზანია სუფთა ენერგიის წარმოება დამატებითი მზის ელექტროსადგურების აშენებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების გამოყენების გარეშე.
გამომუშავებული ელექტროენერგია თავდაპირველად საერთო ელექტროსისტემას მიეწოდება, თუმცა მომავალში მისი გამოყენება თავად რკინიგზაზეც იგეგმება – სადგურების განათებისთვის, სასიგნალო სისტემებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მუშაობისთვის.

პროექტის ავტორების შეფასებით, ასეთი ინფრასტრუქტურის შედარებით მოკლე მონაკვეთსაც კი შეუძლია წელიწადში იმდენი ელექტროენერგია გამოიმუშაოს, რამდენსაც რამდენიმე ოჯახი მოიხმარს.
იმის გამო, რომ რკინიგზის ლიანდაგები რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებას საჭიროებს, მზის პანელები მოხსნად კონსტრუქციად არის დაპროექტებული. სპეციალური ტექნიკა საჭიროების შემთხვევაში მთლიან სისტემას ან მის ცალკეულ მონაკვეთს სწრაფად მოხსნის, ხოლო სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ პანელებს კვლავ ადგილზე დააბრუნებს.
თუმცა ტექნოლოგიის დანერგვამდე არაერთი გამოწვევაა გადასაჭრელი. მზის პანელებმა უნდა გაუძლოს მატარებლების მიერ გამოწვეულ ვიბრაციას, მაღალ ტემპერატურას, ნალექს, მტვერსა და დამუხრუჭებისას წარმოქმნილ ნაწილაკებს. ამასთან, ისინი არ უნდა ქმნიდეს მბზინავ ანარეკლს, რომელიც მატარებლის მემანქანეებს შეუშლის ხელს, ან გავლენას ახდენდეს სიგნალიზაციის სისტემების მუშაობაზე.
სწორედ ამ საკითხების შესაფასებლად იტალიაში საპილოტე პროექტი დაიწყება, რომლის შედეგების საფუძველზეც გადაწყდება ტექნოლოგიის ფართომასშტაბიანი დანერგვა.