LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

82
Untitled design

“იტალიაში, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ფარმაცევტებიც, ვალდებულები არიან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრან,” – შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის მინისტრთა კაბინეტმა გუშინ დაამტკიცა.

ახალი ვალდებულების მიზანი, სოციალურად დაუცველი პაციენტების დაცვა და ანტივაქსერულად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა.

იმისათვის, რომ აღნიშნული დადგენილება ეფექტიანად განხორციელდეს, ხელისუფლება სათანადო ზომებსაც იღებს – ყველა სამედიცინო მუშაკი, რომელიც ვაქცინაციაზე უარს იტყვის, შესაძლოა წლის ბოლომდე ანაზრაურების გარეშე დარჩეს.

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებას კრიტიკოსიც ბევრი ჰყავს – ახალი დადგენილების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ არ შეიძლება, აიძულო ზოგიერთი კატეგორიის წარმომადგენელი, გაიკეთოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანია, დაიცვან როგორც სამედიცინო პერსონალი, ასევე ის ადამიანები, ვისთან ურთიერთობაც მედპერსონალს უწევს და ვინც დაინფიცირების მხრივ, რისკისშემცველია.

მას შემდეგ, რაც იტალიაში ვაქცინაციის პროცესი, დოზების მიწოდების გაჭიანურების გამო შეფერხდა, ქვეყნის მთავრობამ პირობა დადო, რომ იმუნიზაციის პროცესს შეუფერხებლად გააგრძელებს – გასული წლის დეკემბრიდან, ქვეყანაში ადმინისტრირებულია ვაქცინის 10 მილიონი დოზა, იტალიაში მცხოვრები 60 მილიონი მოსახლიდან კი ორჯერადი დოზით უკვე ვაქცინირებულია 3 მილიონზე მეტი ადამიანი.

ბოლო ორი თვეა, იტალიაში ინფიცირებულთა და გარდაცვილთა რიცხვმა კვლავ საგრძნობლად იმატა. ამასთან, იზრდება ანტივაქსერულად განწყობილი ადამიანების რაოდენობაც, მთავრობა კი პრევენციის მიზნით, კოვიდრეგულაციებს ამკაცრებს.

Worldometer-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ინფიცირებულია 3 584 899 ადამიანი და გარდაცვლილია 109 346 პაციენტი.