იტალიური ქალაქის, მანტუას მერია ახალ მაცხოვრებლებს ყოველთვიური ქირისთვის 150 ევროს გადაუხდის. ამ გზით ქალაქს მოსახლეობის რაოდენობის გაზრდის იმედი აქვს. The Mayor-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის მანტუას მკვიდრთა რაოდენობა 50 ათასზე ნაკლებია.
მთლიანობაში საბჭო ახალმოსახლეთათვის 100 გრანტს გამოყოფს. ფულის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი ქირავნობის ხელშეკრულება მინიმუმ ერთი წლით გაფორმდება. პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება როგორც მარტოხელა ადამიანებისთვის, ასევე ოჯახებისთვის, ვისი შემოსავალიც თვეში 1200-1500 ევროა.
მანტუაში 2 ოთახიანი სახლის დაქირავების საშუალო ღირებულება თვეში 500-850 ევროს შეადგენს.
ქალაქი ლომბარდიის რეგიონშია განთავსებული და ძალიან მდიდარი ისტორიითა და კულტურითაა ცნობილი. მანტუაში არის აღორძინების ეპოქის სასახლეები. 2017 წელს კი დასახლება ევროპის გასტრონომიულ დედაქალაქად დასახელდა. 2008 წელს ქალაქის ისტორიული ცენტრი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა.