„იუთუბზე“ განთავსებული ვიდეო, სახელად „ჩარლიმ თითზე მიკბინა“, ინტერნეტის ისტორიის ნაწილია. ვიდეოში, რომელიც ერთ-ერთი პირველი ვირუსულად გავრცელებული ვიდეო გახდა ინტერნეტის ისტორიაში, მცირეწლოვანი ბიჭუნა ჩარლი თავის ძმას, ჰარის თითზე კბენს.
მას შემდეგ, რაც ვიდეო 2007 წელს „იუთუბზე“ აიტვირთა, იგი 880 000 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა, თუმცა აღნიშნულ ჰიტს „იუთუბიდან“ მალე აიღებენ, რადგან იგი გაიყიდა.
დევის-კერის ოჯახმა ვიდეო აუქციონზე გაიტანა როგორც ხელოვნების ნიმუში და როგორც არმოჩნდა, ჭკვიანურადაც მოიქცა, რადგან საბოლოო ჯამში გამოჩნდა ადამიანი, ვინც მასში 500 000 გირვანქა (761 000 აშშ დოლარი) გადაიხადა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სოციალურ ქსელში პოპულარული ვიდეო იყიდება – ცნობილი მიმი „გოგონა კატასტროფა“, რომელზეც გამოსახულია მომღიმარი გოგონა ცეცხლწაკიდებული სახლის ფონზე, ამავე სტატუსით 473 000 აშშ დოლარად გაიყიდა.
ტექნოლოგია NFT (non-fungible token) თანდათან უფრო და უფრო ტრენდული ხდება ციფრულ სამყაროში.
აღსანიშნავია, რომ NFT სტატუსით შეძენილი ვიდეოსა თუ მიმის პატრონს არა მხოლოდ ორიგინალ კონტენტზე ენიჭება უფლება, არამედ შეეძლება მათი გადაკეთება და თანამედროვეობაზე მორგებაც.