„ეჭვი მაქვს, „ნიპა“ ვირუსი საქართველოსთვის პრობლემა გახდეს. ეს ვირუსი დიდი ხანია არსებობს, პირველი აფეთქება 1998 წელს, მალაიზიაში იყო. 27 წელია ამ ვირუსს აკვირდებიან და არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ ის გასცილდეს იმ 5 ქვეყნის ფარგლებს [ბანგლადეში, ინდოეთი, ჰონგ-კონგი, მალაიზია, ფილიპინები], სადაც ის ფიქსირდება“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ინდოეთში გავრცელებულ ვირუსზე საუბრის დროს განაცხადა.
როგორც ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოში შეისწავლეს ღამურები და მათში„ნიპას“ ვირუსი ნანახი არ იყო.
ამასთან, ივანე ჩხაიძემ ვირუსის სიმპტომებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, „ნიპა“ „ებოლასთან“ ერთად განიხილება, როგორც ერთ-ერთი მაღალი ლეტალობის გამომწვევი ვირუსი.
„ეს განსაკუთრებული ვირუსია, ჯანმო მას განიხილავს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ვირუსს. მას შეუძლია ძალიან მაღალი ლეტალობის პროცენტის განპირობება, ეს არის 45-70%. ის „ებოლასთან“ ერთად განიხილება, როგორც ერთ-ერთი მაღალი ლეტალობის გამომწვევი ვირუსი.
ის არ გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, მის გადაცემას სჭირდება ძალიან ახლო კონტაქტი, ან დაინფიცირებული საკვების მიღება. ამ ვირუსის ძირითადი რეზერვუარი არის ღამურა – ხილის მჭამელი ღამურა. ამ ტიპის ღამურა საქართველოში არ არის, სხვა ღამურები იქნა შესწავლილი საქართველოში და ამ ღამურებში „ნიპას“ ვირუსი ნანახი არ არის.
ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი შესაძლებლობა არის პალმის წვენის დალევა. პალმის წვენი არის დაინფიცირებული ღამურას გამონაყოფით, ან ნერწყვით.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ამ ვირუსის არსებობა მხოლოდ 2 პაციენტთან დადასტურდა. ამ 2 პაციენტთან კონტაქტი 196 ადამიანი იყო, ძირითადად გამოვლინდა მკურნალ პერსონალში და არცერთ მათგანთან არ დაფიქსირდა ეს ვირუსი. ვირუსის გადაცემის გზა მარტივი არ არის.
რაც შეეხება სიმპტომებს, იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება. გარდაცვალების შემთხვევები განპირობებულია თავის ტვინის ანთებასთან, ტვინის შეშუპებასა და კომასთან. ეს ყველაფერი სწრაფად მიმდინარეობს, ინფიცირებიდან 2-3 დღეში შესაძლოა ადამიანი გარდაიცვალოს.
ამ ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება არ არსებობს. ჯანმო-ს ეს ვირუსი შეყვანილი ჰყავს შესაძლო პანდემიის გამომწვევი ვირუსების კატეგორიაში. ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს ვაქცინების შესაქმნელად. მედიკამენტების მხრივ ჯერ პერსპექტივა არ გვაქვს“, – თქვა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, ჯერ არ არსებობს არცერთი ქვეყანა, თავად ინდოეთის მეზობელიც კი, რომელმაც ტურისტული ნაკადის შეზღუდვაზე ან თვითმფრინავში მგზავრების განსაკუთრებულ შემოწმებაზე გადაწყვეტილება სახელმწიფოს დონეზე მიიღო.
„ეს ეხება არამხოლოდ ინდოეთს, არამედ კონკრეტულად ინდოეთის იმ პროვინციას, სადაც მოხდა აფეთქება. ეს არის მცირე მონაკვეთზე, საუბარია 2 ინფიცირებულ პაციენტზე. არანაირი საჭიროება, რომ საქართველომ ან სხვა ქვეყანამ განსაკუთრებული კონტროლი გაუწიოს ინდოეთიდან მომავალ მგზავრებს, არ არსებობს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ცნობისათვის, „ნიპა“ ვირუსის 2 შემთხვევა ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა. 27 იანვარს, ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „უზრუნველყო ვირუსის დროული შეკავება“. როგორც უწყებაში განაცხადეს, დადასტურებულ შემთხვევებთან დაკავშირებული 196 კონტაქტი იდენტიფიცირებული, მოძიებული და ტესტირებულია და ყველა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა – „მიღებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ყველა საჭირო ზომა“ – განაცხადეს ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროში.
მედიის ცნობითვე, აზიის რამდენიმე ქვეყანამ ინდოეთიდან ჩამოსული მოგზაურებისთვის სკრინინგის პროცედურები გაამკაცრა.
