LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი საქართველოში მეცენატობას ეწევა, მაგრამ ფულს არ აკეთებს – სალომე ზურაბიშვილი

317
2018-10-26-3-GEORGIA-350

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ფილანტროპიულ საქმიანობასა და მეცენატობას ეწევა, მაგრამ ფულს არ აკეთებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა „ფიგაროსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა რას უპასუხებდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ,,ივანიშვილის უმრავლესობის პარტიის სათავეშია და შესაბამისად, გავლენაც აქვს”

„წარსულში მე თვითონაც მოვიხსენიე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად. ის რუსეთში გამდიდრდა, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის გარემომცველ პირთა გარკვეული ნაწილი. საქართველოში ის დღეს ფილანტროპიულ საქმიანობასა და მეცენატობას ეწევა, მაგრამ ფულს არ აკეთებს, იმიტომ, რომ საქართველოში არ არის ისეთი გარემოებები, რომ მილიარდერი ან მილიონერი გახდე. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადამიანი პოლიტიკურად? დიახ, ის მნიშვნელოვანია. ივანიშვილმა მოახერხა, ხელისუფლებაში მოსულიყო და გაეერთიანებინა ოპოზიცია, რომლის რაოდენობაც იზრდებოდა. მან ეს ნამდვილად იმიტომ მოახერხა, რომ ფული ჰქონდა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს საპრეზიდენტო ვადა მისთვის ბოლოა. ვინაიდან სხვა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და  პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას არ აპირებს,  ეს კიდევ უფრო დიდ დამოუკიდებლობას ანიჭებს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მთავარი გამოწვევა საქართველოს ევროპაში შეყვანა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გადააჭრაა.

,,ეს გამოწვევა, პირველ რიგში, საქართველოს ევროპაში შეყვანაა, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ევროპის კავშირი ჩვენს აბსოლუტურ მიზანს წარმოადგენს. ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, მინდა, ასევე გადავჭრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის საკითხიც. მინდა, რომ იქ შესვლის საშუალება გვქონდეს, რათა ასე სრულად პარალიზებული აღარ ვიყოთ. გარდა ამისა, მსურს გავაგრძელო საზოგადოების გარდაქმნა, რათა საბოლოოდ გამოვიდეთ იმ ცნობიერებიდან, რომელიც საბჭოთა წარსულის ნაკვალევს ატარებს. პრეზიდენტის პოსტი და ეს საპრეზიდენტო ვადა ჩემთვის ბოლოა, ვინაიდან არ ვაპირებ სხვა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას. ეს კი კიდევ უფრო დიდ დამოუკიდებლობას მანიჭებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ფიგაროს“ ჟურნალისტის კითხვაზე, პირადად სალომე ზურაბიშვილს დიპლომატის კარიერასა და პოლიტიკაში რამდენად უშლის ხელს ის, რომ ქალია, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტს მისთვის ხელი არასოდეს შეუშლია.

„პირიქით, ეს უპირატესობა უფრო იყო. როცა საფრანგეთში, საგარეო საქმეთა სამინისტროში მივედი, ფეხმძიმედ ვიყავი და არც გათხოვილი ვყოფილვარ. ამას არანაირი პრობლემა არ წარმოუქმნია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის „ფიგაროსთან“ ინტერვიუს თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები