თუ ივანიშვილი საზოგადოებისთვის საინტერესო არ იქნება, მზად არის, წავიდეს, ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ტექნოპარკში მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩემდამი დამოკიდებულებას რაც შეეხება, საზოგადოების ნდობა რამდენად ისეა, როგორც მე მგონია? რა თქმა უნდა, შემცირების პროცესი იყო ამ სამი წლის განმავლობაში. აგიტაციურმა მანქანამ რაღაც ეტაპზე იმუშავა და მერყეობდა დამოკიდებულება. ამას ვგრძნობდი იმავე კვლევებით. პირადად ჩემზე არ ვატარებდი კვლევებს, მაგრამ დამოკიდებულება გუნდისადმი, რომელიც მე დავტოვე, ჩემზეც გადმოდის და აისახება. ეს კითხვა შეიძლება ყოველთვის არსებობდეს. შეიძლება მეშლებოდეს, მაგრამ მე ვარწმუნებ საზოგადოებას, თუ შევხედავ, რომ ეს ნდობა არ არის, ვალდებულების გრძნობა მომეხსნება – ახლა მხოლოდ ამით ვმოძრაობ, ვაკეთებ იმისთვის, რომ დავეხმარო. თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ ისეა, როგორც აგიტაციური ტელევიზიები ავრცელებენ და ან სხვა მიზეზით მე აღარ ვარ საინტერესო, გარწმუნებთ, რომ ეს იქნება ჩემთვის დიდი ტვირთის მოხსნა. გარწმუნებთ, რომ, როგორც კი ამას ვიგრძნობ, არც ერთ შემთხვევაში თავს არ შევაწყენ საზოგადოებას და სიამოვნებით წავალ, საპენსიო ასაკიც ახლოს მაქვს, უამრავი ჰობი მაქვს და კარგად ვიცხოვრებ. როგორც კი დავინახავ, რომ მიუხედავად ჩემი პოზიციისა და მიუხედავად ჩემი ანალიზისა, საზოგადოებამ არ გაიზიარა და არჩევნებში დაფიქსირდა აბსოლუტურად განსხვავებული შედეგი, აი, გარწმუნებთ, რომ მოგენატრებით, ვეღარ მნახავთ ტელევიზიებში“, – განაცხადა ივანიშვილმა.