დღეს საბჭომ იმუნიზაციის 2022 წლის გეგმა განიხილა. საუბარია საკომუნიკაციო კამპანიის გაძლიერებასა და იმუნიზაციის წახალისების პროგრამაზე. ამის შესახებ მედიასთან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა.
ამირან გამყრელიძის თქმით, გეგმის ფარგლებში, აქცენტი გაკეთდება „ბუსტერ“ დოზით აცრაზე.
„ამ გეგმით განსაზღვრულია, რომ მოსახლეობის 70% უნდა აიცრას ივლისამდე, ანუ წლის პირველ 6 თვეში, თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ, შევაკავოთ და პანდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, იმიტომ, რომ როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ისე ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ პანდემიის დასრულების მთავარი გზა საყოველთაო იმუნიზაციაზე გადის.
შემოთავაზებულია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ეხება საკომუნიკაციო კამპანიების გაძლიერებას, ისევ და ისევ მონეტარული წახალისების გაგრძელებას და გაძლიერებას, მეტი ინფორმაციის მიტანას მოსახლეობისადმი და რაც მთავარია, აქცენტის გაკეთებას „ბუსტერიზაციაზე“, რადგან „ომიკრონის“ შეკავების ყველაზე ძლიერი ფაქტორი დღეს მესამე აცრა გახლავთ, „ომიკრონს“ ახასიათებს შედარებით მაღალი რეინფიცირების მაჩვენებელი.
მრავალი კვლევით დადგენილია, რომ ინფიცირებისგან დაცვა 80%-ზე მაღალია და ასევე, რა თქმა უნდა, დაცვა მაღალია ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილიანობისგან, თუ ადამიანს გაკეთებული აქვს „ბუსტერ“ დოზა. აქედან გამომდინარე, გეგმაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია მეტი აქცენტი „ბუსტერზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა
3 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 8 326, ხოლო გარდაიცვალა 42 ადამიანი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30,05%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 24,27% ხოლო 7 დღის მანძილზე — 27,36%.
ამასთან, 2 თებერვალს ჩატარდა 5 411 აცრა.