LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყენებენ თუ არა სოციალურ ქსელს რეკლამისთვის ცნობილი სახეები

50

ცნობილი ადამიანები საკმაოდ ხშირად მონაწილეობენ სოციალურ ქსელში სხვადასხვა კომპანიის აქტივობაში, თმის გადანერგვის რეკლამა იქნება თუ დიზაინერული ნამუშევრების აფიშირება. ამისთვის საკუთარ „ფეისბუქსაც“ იყენებენ, რადგან მათი გვერდები უამრავ ადამიანს აქვს მოწონებული და თანაც, როცა შენს პროდუქტს ცნობილი სახე არეკლამებს, შესაძლოა, ეს მყიდველისთვის დაინტერესების დამატებითი სტიმული იყოს. დავინტერესდით, იღებენ თუ არა ანაზღაურებას ან რაიმე სახის მომსახურებას სოციალურ ქსელში კონკრეტული ბმულების გაზიარებით სანაცვლოდ.

 

iuna shafatavaიუნა შაფათავა:

ვიყენებ, პირველ რიგში, ჩემი მოღვაწეობის რეკლამირებისთვის. მაქვს ეს პროფილი და კიდევ ცალკე გვერდი. ორივეზე ვდებ მასალას, რაც ვთვლი რომ საინტერესოა აუდიტორიისთვის. არის კომერციული პროექტებიც –  იცით,ერთ-ერთი კომპანიის სახე ვარ, არის სამსახური, სადაც ვმუშაობ, ყოველთვის ვაწვდენ ხმას სამუშაო აქტივობებზეც, და გამოხმაურებებიც მაქვს.

სერიოზული ინსტრუმენტია სარეკლამოდ და ამ შანსს არ ვტოვებ. გარდა ამისა, არის მეგობრული თხოვნა და არ ვამბობ უარს, თუ ვთვლი, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლოა რაიმე ინფორმაციის გაგება. არ ვარ აგრესიული, სხვებივით, თვალების დახამხამებაში რომ ფულს ითხოვენ, ადამიანობა ფულზე არ გამიცვლია და დახმარება ჩვენი ვალია, თუ შეგვიძლია და ძალა შეგვწევს. ასევე, არასოდეს ვამბობ უარს საქველმოქმედო მასალის გავრცელებაზე, დახმარებაზე და . როგორც მენეჯერი, არც იმ აზრს ვეთანხმები სრულად, რომ მარტო „ფეისბუქით“ შეიძლება კომპანიის გაყიდვების, ცნობადობის, მოგების გაზრდა – „ფეისბუქი“ კომერიცული აქტივობების მხოლოდ ერთერთი დამხმარე ინსტრუმენტია.


kristi kifshidzeკრისტი ყიფშიძე:

ისედაც მთელი ჩემი ცხოვრება სულ ასე ვარ, ვეხმარები რეკლამით, თუ ეს შემიძლია. მერე, საკუთარი სურვილით, რაღაცას მჩუქნიან. ანაზღაურება სოციალურ ქსელში რაიმე ბმულის გაზიარებაში არ ამიღია, მაგრამ ყოფილა საჩუქრები. მეუბნებიან, ბლოგი გააკეთეო, მაგრამ ამას მოხერხება უნდა, შესაძლოა, გავაკეთო კიდეც. ძალიან ხშირად ყოფილა, რომელიმე დიზაინერის კაბა ჩამიცვამს, ფოტო გამიზიარებია და შემდეგ ისეთი კაბის შესაკერად მიუკითხავს მისთვის ექვს ადამიანს. სოციალური ქსელი ამ მხრივ კარგი საშუალებაა, ფაქტობრივად, უფასო რეკლამის.

 

nutsaნუცა ბუზალაძე:

მეგობარი თუ მთხოვს, აუცილებლად ვაზიარებ. ერთი წელი სილამაზის სალონთან მქონდა ბარტერი, რეკლამას ვუკეთებდი, არა მხოლოდ სოციალურ ქსელში, მაგრამ აქაც და ყველაფერს უფასოდ მიკეთებდნენ. ყველა იყენებს ამ მხრივ სოციალურ ქსელს. ბევრი ადამიანია ჩართული, ყველა ნახულობს. ვფიქრობ, სოციალურ ქსელში რეკლამა ძალიან მოსახერხებელი და ეფექტურია. „ფეისბუქზე“ 22 000 მიმდევარი მყავს, „ინსატრაგმი“ ცოტა გვიან გავაკეთე და 14 000. „ინსტაგრამს“ უცხოელი ვარსკვლავები სარეკლამოდ ხშირად იყენებენ, მაგრამ მათ მილიონი და მეტი მიმდევარი ჰყავთ. ანაზღაურება სოციალურ ქსელში ბმულის გაზიარებისთვის ან დარეკლამებისთვის არ ამიღია, თუმცა ესეც შეიძლება.

 

 

suxitaგიორგი სუხიტაშვილი:

არასოდეს გამომიყენებია რეკლამირების ეს ხერხი და არც მე გამოვუყენებივარ ვინმეს ამ მხრივ. რა ვიცი, ალბათ, სახე არ მივარგა, არც ტანი (იცინის).

რომ შემოგთავაზოს რომელიმე კომპანიამ და სანაცვლოდ უფასო მომსახურებას დაგპირდნენ?

შემოთავაზებას გააჩნია. ასეთი რამ არასდროს შემოუთავაზებიათ.

ნინო მურღულია