LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმრთელობის რეფორმის მხარდასაჭერად ჩინეთმა საქართველოს 4.8 მლნ დოლარი გამოუყო

75

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო სავაჭრო წარმომადგენელმა, კომერციის მინისტრის მოადგილემ, ჭუნგ შანმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“.

შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის უსასყიდლო დახმარებას 60 მილიონი იუანის (დაახლოებით 9.1 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით.

როგორც “ფორტუნას” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული თანხა, ისევე როგორც 2014 წლის 18 დეკემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული  „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოსათვის გათვალისწინებული 30 მილიონი იუანის (დაახლოებით 4.8 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა (გრანტის სახით), მიმართული იქნება საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ორ რეგიონში სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სადაც თავმოყრილი იქნება ამბულატორიული და სტაციონარული სერვისები, კრიზისული ინტერვენციის ცენტრი  და ფსიქო-რეაბილიტაციის განყოფილება, როგორც ბავშვებისთვის, ასევე – მოზრდილებისთვის.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში გარდა 2014 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი უსასყიდლო დახმარებისა, 2005 წლიდან დღემდე, უსასყიდლო დახმარების სახით უკვე გამოყოფილია 281 მილიონი იუანი (დაახლოებით 43 მილიონი აშშ დოლარი) და 30 მილიონი იუანის  (შეთანხმების ხელმოწერისთვის დაახლოებით 4.3 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის სასაქონლო კრედიტი. ამ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და ამჟამად, მიმდინარეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგების (ირიგაცია და სასათბურე მეურნეობა) და შემოსავლების სამსახურის აღჭურვა ტექნიკითა და მოწყობილობებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები