ჯასტინ ტიმბერლეიკმა გულშემატკივრებს ემოციური პოსტი გაუზიარა. არტისტის განცხადებით, ის ლაიმის დაავადებას ებრძვის.
აღსანიშნავია, რომ ჯეი თი არ არის ერთადერთი მომღერალი ამ დიაგნოზით. ამავე დაავადებაზე წლების წინ საჯაროდ ისაუბრეს ავრილ ლავინმა, ჯასტინ ბიბერმა და შანია ტვეინმაც.
ტიმბერლეიკის განმარტებით, დიაგნოზის შესახებ ინფორმაციის გაზიარებისგან თავს იკავებდა, თუმცა ფანებთან და საზოგადოებასთან გულწრფელობა გადაწყვიტა, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოს და დაეხმაროს მათ, ვისაც ეს დაავადება ტანჯავს.
მისივე თქმით, The Forget Tomorrow World Tour + JT Live 2025-ის კონცერტებზე, რომელთა დასკვნითი პერფორმანსი 30 ივლისს, სტამბოლში შედგა, მისთვის ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად სტრესული იყო სცენაზე გამოსვლა, რადგან ხშირად ტკივილს, საშინელ დაღლილობასა და გულისრევას გრძნობდა.
,,დილემის წინაშე აღმოვჩნდი – შემეწყვიტა ან გამეგრძელებინა ტურნე… გადავწყვიტე, რომ სცენაზე გამოსვლის სიხარული გაცილებით აღემატება ჩემი სხეულის წარმავალ სტრესს და მიხარია, რომ გავაგრძელე” – დაწერა 44 წლის მუსიკოსმა.
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე ტერაქტი იგეგმებოდა
ცნობისთვის, ლაიმის დაავადება გამოწვეულია ბაქტერია – Borrelia burgdorferi-ით. ის გამოიხატება ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა ცხელება, თავის ტკივილი, დაღლილობა და გამონაყარი. ლაიმის შემთხვევების უმეტესობა ანტიბიოტიკებით იკურნება, მაგრამ ზოგიერთ პაციენტში დაავადება ქრონიკულ სახესაც იღებს.