LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერ არა, მაგრამ… ლაშა ტალახაძემ სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

440
Lasha-low-res

საქართველოს საუკეთესო და სახელოვანი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე არ გამორიცხავს, რომ ოდესმე სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდეს შეჯიბრებებზე.

ამაზე პლანეტის უძლიერესმა ძალოსანმა რადიო “უცნობში” სტუმრობისას ისაუბრა. ლაშას თქმით, ქართველი სპორტსმენები მეტ დაფასებას იმსახურებენ და თუ ვითარება არ შეიცვალა, მომავალში სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე შეიძლება დაფიქრდეს.

ლაშა ტალახაძე:

“მქონდა შემოთავაზებები სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიმეღო. თავიდან ერთ ყურში შევუშვი და მეორედან გავუშვი, რადგან ჩემთვის ეს მიუღებელი იყო. მთავარი საქართველოს ჰიმნის აჟღერებაა, მაგრამ რაც უფრო პიკისკენ მიდიხარ სპორტსმენი, ტიტულებთან ერთად, უკან რომ მოიხედავ, რაღაც უნდა დაგრჩეს.
ბევრი ადამიანია შენზე დამოკიდებული, ამიტომ მათთაც სჭირდებათ გვერდში დგომა. ამ ეტაპზე ნამდვილად არა, მაგრამ როდესაც პიკს მივუახლოვდები, თუ არაფერი შეიცვალა, შეიძლება მართლაც დავფიქრდე, რომ წავიდე და ცხოვრება მოვიწყო.
მარტო ჩემზე არ არის ლაპარაკი. არიან ბიჭები, რომლებიც ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები ხდებიან. მაგალითად, გენო პეტრიაშვილი. არიან საქართველოში ადამიანები, რომლებმაც ამ ბიჭების მიმართ სიკეთე უნდა გააკეთონ, რადგან იმსახურებენ და ეს მათი რეკლამაც იქნება. რაც უფრო მეტად დავაფასებთ სპორტსმენებს, მით უფრო კარგი შედეგები იქნება”.

 

შეგახსენებთ, ქართველ ძალოსანს სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი პირველად არ გაუკეთებია.

ჯერ კიდევ 2017 წელს ლაშა ამბობდა:

“წინადადება ბევრია. ჩემი მხრიდან ჯერ პასუხი არ არის. ეს ისედაც ყველამ იცის, რომ ბევრ ქვეყანას სურს ჩემი მათთან წასვლა. საკითხი არის ასე – ითხოვენ და თანხმობა თუ იქნება… ბევრი ითხოვს, მაგრამ, ჩემი მხრიდან, ჯერჯერობით, არაფერია. სხვა ქვეყნის სახელით გამოვალ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ისეთ თანხებზეა შემოთავაზება, შეიძლება მართლა დამაფიქროს. უბრალოდ, როდესაც ოლიმპიადას იგებს სპორტსმენი, უნდა დაუფასდეს. სპორტის ისეთი სახეობაა, შეიძლება ტრავმა მიიღო და შემდეგ ვერაფერი გააკეთო. ძალიან დიდი განსხვავებაა, იმაზეა საუბარი, რომ სხვაგან უფრო მეტად შეიძლება დაუფასდეთ, ვიდრე – ჩვენთან. სხვა ქვეყნებიდან მილიონებზეა საუბარი, შემოთავაზებებია და ჯერ კიდევ მართლა არ ვიცი”.

ოლიმპიური ჩემპიონის მაშინ აღნიშნავდა, რომ სპორტსმენები ქვეყანაში ყველაზე მეტად ხალხმა დააფასა.

 

ლაშა ტალახაძე 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია, 4-4-გზის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონია. მას ეკუთვნის მსოფლიო რეკორდები როგორც ატაცში, ისე აკვრაში.
ძალოსნობის საერთაშორის ფედერაციამ ტალახაძეს წლის საუკეთესო ძალოსნის ჯილდო 3-ჯერ მიანიჭა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები